-
2014-09-24 01:05
სანზონაში, მეტროსადგურ „ღრმაღელესთან“ მდებარე ერთერთი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოსთან გოგონას, რომელიც შინ ბრუნდებოდა, უცნობი პირები დახვდნენ, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და გაძარცვეს. თავდამსხმელებმა მას მობილური და 20 ლარი წაართვეს.
ინფორმაცია „ფეისბუქზე“ დაახლოებით ერთი საათის წინ ჟურნალისტმა თეონა ცხომელიძემ გაავრცელა. მის სტატუსში წერია:
„რამდენიმე წუთის წინ, ჩემს მეზობელ თაკოს სადარბაზოში თავს დაესხნენ და ახრჩობდნენ, წაიღეს ტელეფონი და 20 ლარი...პატრული დედამისს ეუბნება: გვიან რომ მოდის არ უნდა დახვდეთო?“
როგორც „აფხაზეთის ხმამ“ გაარკვია, დაზარალებულს ყელზე სისხლჩაქცევები აქვს, მისი თქმით, უცნობი თავდამსხმელები პირზე ხელს აფარებდნენ და ყელში ხელს უჭერდნენ. მას შემდეგ, რაც მობილური ტელეფონი და ფული წაართვეს, უცნობებმა თავს გაქცევით უშველეს, შინ მისულმა დაზარალებულმა კი მომხდარი ოჯახის წევრებს შეატყობინა და პატრულში დარეკა. ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟია მისული.