
„აფხაზეთის ხმის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, ბათუმთან ახლოს, ტყეში ჩამომხრჩვალი იპოვეს 28 წლის ქართველი მამაკაცი, რომელიც თურქეთში სამუშაოდ იყო წასული და, სავარაუდოდ, შინ ბრუნდებოდა.
როგორც „აფხაზეთის ხმამ“ გაარკვია, 28 წლის, აწ გარდაცვლილი გოჩა გოქაძე, რომელიც ცაგერის რაიონის სოფელ ცაგერაში ცხოვრობდა, შინ ბრუნდებოდა და თურქეთიდან მისმა ძმამ გამოაცილა, რომელიც ასევე კერძო სამუშაოების შესასრულებლად იყო წასული.
გოჩა გოქაძის ძმისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა ცნობა იმის შესახებ, რომ ძმამ თავი ჩამოიხრჩო, რადგან მისი თქმით, საქართველოში დაბრუნების წინ მან ოჯახის წევრებისთვის საჩუქრები შეიძინა.
გარდაცვლილის ძმის თქმით, საქართველოში გადასვლის მომენტისთვის აწ გარდაცვლილს თან ჰქონდა მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები და დაახლოებით 350 ლარი.
გოჩა გოქაძის ცხედარი მშობლიურ სოფელში გადაასვენეს. ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ის საეჭვო ვითარებაში დაიღუპა. ახალგაზრდას ხვალ დაკრძალავენ.