
"აფხაზეთის ხმა" აქვეყნებს ვიდეოს, რომელიც სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" ჯერ მცირე ფრაგმენტის, ხოლო შემდეგ სრული ვერსიის სახით გავრცელდა და რომელმაც აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.
ვიდეოს ავტორთა აღწერის მიხედვით, ვიდეოზე გამოსახულია ნასვამი სასულიერო პირი, ორთუბნის წინამძღვარი, მამა ილარიონ ხურციძე, რომელიც ქუჩაში გასწრების დროს ახლო დისტანციაზე გვერდის ავლის გამო ეწევა წინ მიმავალ მანქანას და იქ მსხდომებს საქმეს ურჩევს.
ვიდეოში ისმის საუბარი მეგრულ და ქართულ ენებზე, ამასთან, ჯერჯერობით უცნობია თავად ვიდეოზე გამოსახული სასულიერო პირის პოზიცია.
ვიდეოში ისმის მისი რეპლიკა: "ვის გაარტყი, ბიჭო, ხელი?", ხოლო მოკლე ვერსიაში არის მისივე ფრაზა: "შენ მე ვინმე ქუჩიდან მოსული ხომ არ გგონივარ?". ამავე ვიდეოდან ჩანს, რომ სასულიერო პირი შავი ჯიპით გადაადგილდებოდა, ხოლო ხოლო ორივე ვიდეოში ის აგრესიას ავლენს იმ პირის მიმართ, ვინც ინციდენტს, სავარაუდოდ, ტელეფონით იღებს.
იმ შემთხვევაში, თუ ვიდეოზე გამოსახული სასულიერო პირი საჭიროდ ჩათვლის ახსნა-განმარტებას ან ამ ვიდეოზე გამოხმაურებას, "აფხაზეთის ხმა" მზადაა, მისი პოზიციაც გამოაქვეყნოს.
შეგახსენებთ, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკის თანახმად, მღვდელი, რომელიც ადამიანზე ხელს აღმართავს, განკვეთით ისჯება:
მოციქულთა 27-ე კანონი:
„ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი, რომელიც გალახავს, დაჩაგრავს და ამ გზით მოინდომებს დამნაშავის დაშინებას, ასეთი პირის სასულიერო წოდებიდან განკვეთას ვბრძანებთ, რამეთუ ეს უფალს ჩვენთვის სრულებითაც არ უსწავლებია, პირიქით სცემდნენ და იგი არ პასუხობდა დარტყმებით, “…ევნებოდა და იგი არავის აგინებდა, ევნებოდა და არავის უთქუმიდა…” (I პეტ. 2,23).“