
შუახნის, ჯერჯერობით უცნობი მამაკაცი, რომელიც მეტროთი მგზავრობდა, მოულოდნელად შეუძლოდ გახდა.
მამაკაცმა, რომელსაც ორი სამგზავრო ჩანთა მიჰქონდა, მეტროსადგურ "ვაგზლის მოედნის" საბურთალოს ხაზზე გადასასვლელთან, კიბეზე გონება დაკარგა. შემთხვევას "აფხაზეთის ხმის" ჟურნალისტი შეესწრო, რომელმაც სხვა მოქალაქეებთან ერთად გონდაკარგულს პირველი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინა. მასაჟისა და ხელოვნური სუნთქვის შემდეგ, რამდენიმე წუთში შემთხვევის ადგილზე მეტროსადგურის სამედიცინო ნაწილისა და პოლიციის წარმომადგენლები მოვიდნენ.
მედიკოსებმა მამაკაცის მასაჟი გააგრძელეს. დაახლოებით ათწუთიანი მცდელობის შემდეგ მამაკაცს სუნთქვა აღუდგა, თუმცა, იგი გონსმოუსვლელად აიყვანეს სამედიცინო ნაწილში, საიდანაც კლინიკაში გადაიყვანეს.
მედიკოსების განმარტებით, მისი მდგომარეობა მძიმეა, თუმცა არა სიცოცხლისთვის შეუთავსებელი. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა, ფოტო შემთხვევის ადგილზეა გადაღებული.