-
2014-06-22 23:55
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდინეძში დღეს ტრაგედია დატრიალდა, რომელიც სოფელ დიდინეძში, მდინარე ჯუმში ბავშვების ბანაობის დროს მოხდა. მერვეკლასელ ბიჭს, რომელიც მდინარეში თანატოლის გადასარჩენად გადახტა, სავარაუდოდ, გული გაუჩერდა.
გარდაცვლილი ბიჭი ზუგდიდში ცნობილი პიროვნების, ერთერთი საავტორო სკოლის დამფუძნებლის ზურაბ კუპრეიშვილის შვილია. მან ვაჟიშვილი ახლობელთან სტუმრად თავად გაუშვა.
როგორც გაირკვა, მდინარეში მომხდარ ტრაგედიამდე ბავშვებს უფროსებმა დაუბარეს, რომ მდინარეში მათ გარეშე არ შესულიყვნენ მანამ, სანამ სიღრმეს არ გაზომავდნენ, თვითონ კი მოხერხებულ ადგილას მანქანის გასაჩერებლად წავიდნენ. ბავებმა უფროსების თხოვნა არ გაითვალისწინეს: მდინარეში რამდენიმე ბიჭი ბანაობდა, ხოლო როცა მათგან ერთმა დახმარება ითხოვა, ზურაბ კუპრეიშვილი (გარდაცვლილს მამის სახელი ერქვა), რომელმაც ცურვა არ იცოდა და ნაპირზე ჩაცმული იჯდა, თანატოლის მისაშველებლად ინსინქტურად გადახტა წყალში, თუმცა, სავარაუდოდ, გული გაუჩერდა მას შემდეგ, რაც ფეხქვეშ მიწა ვერ იგრძნო. მოზარდმა, რომელმაც თავდაპირველად დახმარება ითხოვა, ნაპირზე გამოსვლა დამოუკიდებლად შესძლო.
ზურაბ კუპრეიშვილი მდინარიდან სწრაფადვე ამოიყვანეს და ხელოვნური სუნთქვა ჩაუტარეს, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მოგვიანებით ექიმმა გულის გაჩერება დაადასტურა.
გარდაცვლილი ყმაწვილი ზურაბ კუპრეიშვილის ერთადერთი ვაჟიშვილია. თავად ზურაბ კუპრეიშვილი ბოლო დროს მძიმედ იყო ავად და მომხდარი ტრაგედიის შეტყობინების შემდეგ ჯანმრთელობის მდგომარეობა ხელახლა დაუმძიმდა.
„აფხაზეთის ხმა“ წუხს მომხდარი ტრაგედიის გამო და თანაგრძნობას უცხადებს ზურაბ კუპრეიშვილის ოჯახს.
