-
2014-06-15 07:23
„აფხაზეთის ხმის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, მარტვილის რაიონის სოფელ დოშაყეს მე-16 საარჩევნო უბანში ნიღბიანი შეიარაღებული პირები შეიჭრნენ, დაცვის პოლიციას იარაღით დაემუქრნენ, უბანი დაარბიეს და ბიულეტენები გაიტაცეს.
შემთხვევა დაახლოებით დილის 04:00 საათზე მოხდა. ინციდენტის შედეგად არავინ დაზარალებულა, დაცვის პოლიციის თანამშრონლებს თავდამსხმელებისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევიათ. მომხდარის შესახებ ინფორმაცია ოპერატიულად გაიგზავნა როგორც ცესკოში, ასევე შსს-ში. თავდამსხმელთა ვინაობა უცნობია.
სოფელ დოშაყეს ერთმანდატიან საარჩევნო უბანში სულ 380 ამომრჩეველია რეგისტრირებული. ამ უბანში გამარჯვების მთავარ პრეტენდენტად „ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის“ კანდიდატი იყო მიჩნეული, ხოლო მის მთავარ კონკურენტად „ქართული ოცნების“ კანდიდატი. „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ დოშაყეს უბანში კანდიდატი არ წარუდგენია.
დოშაყეს უბანში სავარაუდოდ, ძირითად კანდიდატებს შორის პიროვნული დაპირისპირება არსებობს, რომელიც სოფელში უბანში გახსნის დღიდან სხვადასხვა ფორმით ვლინდებოდა. ცნობილია რამდენიმე კონფლიქტური ეპიზოდის, მათ შორის, შეიარაღებული თავდასხმის შესახებ ჯერ კიდევ არჩევნებამდე კარგა ხნით ადრე.
ამ დროისთვის ცნობილია, რომ მარტვილის ოლქის დოშაყეს მე-16 საარჩევნო უბანში 08:00 საათზე კენჭისყრა ვერ დაიწყება, შესაბამისად, ამ უბანზე არჩევნები ჩაიშალა.