
სიმონ კოპაძე - ინტერნეტმომხმარებელი „ფეისბუქიდან“, რომელიც ერთ-ერთი იყო იმ ინტერნეტმომხმარებლებიდან, ვინც ტვ „აფხაზეთის ხმის“ პირველ გადაცემაში „სოცშეკითხვა“ სტუმარს, კახა კუკავას შეკითხვა გაუგზავნა, მერობის კანდიდატის მიერ გაცემულ პასუხს ეხმიანება.
შეგახსენებთ, რომ სიმონ კოპაძეს აინტერესებდა, რა პოლიტიკურ დივიდენდებზე იყო გათვლილი 2008 წლის ომის შემდეგ კახა კუკავას ადა სხვების შეხვედრა მოსკოვში, ვლადიმირ ჟირინოვსკისთან, რაზეც გადაცემაში კახა კუკავამ უპასუხა, რომ ის შეხვედრა არ შემდგარა მხოლოდ ჟირინოვსკისთან, ხოლო შეკითხვის ავტორი „ურყევ მიშისტად“ მოიხსენია.
კახა კუკავას პასუხად სიმონ კოპაძე „ფეისბუქში“ წერს:
„რას არ მოესწრება კაცი?! ვინც კარგად მიცნობს იმათვის ძალიან სახალისო იქნება ამის მოსმენა; კერძოდ: გუშინ ტელეკომპანია „აფხაზეთის ხმის“, გადაცემა- სოც. შეკითხვა-ში, კახა კუკავასადმი ჩემს მიერ დასმულ შეკითხვის პასუხად, მან ჩამოყალიბებული „მიშისტი“ მიწოდა; ყველაფერს წარმოვიდგენდი, მაგრამ მე თუ „მიშისტად“ მომნათლავდნენ როდესმე, ამას ნამდვილად ვერასდროს ვერ წარმოვიდგენდი;
შეკითხვის არსი მდგომარეობდა იმაში, რომ რა, პოლიტიკურ დივიდენტებზე იყო გათვლილი მისი შეხვედრა ჟირინოვსკისთან, 2008 წლის მოვლენების შემდეგ?... ამ კითხვაზე პასუხის მოსმენისა და ჩემი „მიშისტად“ მონათვლის შემდგომ, საზოგადოებაში მოარულ რიტორიკულ შეკითხვაზე - „ გვარია თუ პროცესი?“ თამამად შემიძლია დავაფიქსირო ჩემი პასუხი; „პროცესია!“.