-
2014-05-30 02:09
„აფხაზეთის ხმა“ უკვე წერდა იმის შესახებ, რომ მარტვილის რაიონის სოფელ ტალერში საკრებულოს წევრობის კანდიდატს გოჩა ლაშხიას („ქართული ოცნება“) ამავე სოფლის მკვიდრი ნაზი ღურწკაია წლების წინ მისი ოჯახიდან პირუტყვის ქურდობაში მონაწილეობას სდებდა ბრალად.
ამავე დროს, არსებობს ორი, თითქოსდა ურთიერთგამომრიცხავი ოფიციალური დოკუმენტიც: ერთია 1995 წელს შსს-ს მარტვილის ქვეგანყოფილების გამომძიებლის გ. ცანავას წერილი ღურწკაიების ოჯახისადმი, სადაც აღწერილია, რომ გოჩა ლაშხიას ძმამ აღიარა პირუტყვის ქურდობა და განაცხადა, რომ მან საქონელი ჯერ თავისი ძმის - გოჩა ლაშხიას თანდასწრებით დაკლა, მერე კი სენაკის ბაზარში გასაყიდად წაიღო დაკლული, ნაქურდალი საქონლის ხორცი, რაშიც ასევე, გოჩა ლაშხია მონაწილეობდა.
ამავდროულად, 27 მაისს გოჩა ლაშხიამ „აფხაზეთის ხმას“ წარმოუდგინა შსს-ს მიერ გაცემული ცნობა, სადაც აღნიშნულია, რომ ის ნასამართლევი არ არის. გარდა ამისა, გოჩა ლაშხიამ წარმოადგინა ასევე საგაზეთო მასალის ფოტოასლი, სადაც იმდროინდელი გენპროკურორის მოადგილის პოზიციაა გამოხატული და რომელიც მის უდანაშაულობას ადასტურებს.
„მე მონაწილეობა არ მიმიღია დაკლული საქონლის რეალიზაციაში, რასაც ადასტურებს ის ფაქტი რომ ჩემზე სისხლისსამართლებრივი დევნა არ დაწყებულა და ნასამართლევი არ ვყოფილვარ, მონაწილეობა რომ მიმეღო, გამასამართლებდნენ ნაქურდალი საქონლის რეალიზაციისთვის და დღეს ვიქნებოდი ნასამართლევი, რაც ასე არ არის.“, - ამბობს დეპუტატობის კანდიდატი.
გოჩა ლაშხიამ კომენტარი გააკეთა მეგონა და დათო ღურწკაიების მკვლელობასთან დაკავშირებითაც:
„1999 წელს გაზეთ „ახალ თაობაში“ დაიბეჭდა გენერალური პროკურორის მოადგილის თ. კოღუას ოფიციალური განცხადება მეგონა და დათო ღურწკაიების მკვლელობასთან დაკავშირებით. მოადგილის განცხადებით, ღურწკაიების ოჯახის ადვოკატი, მეგონა ღურწკაიას თვითმკვლელობამდე მიყვანაში ადანაშაულებდა საგამოძიებო ორგანოებს და არა გოჩა ლაშხიას, როგორც შემდგომში გაირკვა ღურწკაიების ოჯახმა მეგონა ღურწკაიას თვითმკვლელობის დღეს უარი განაცხადა სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე, რის შესახებაც შესაბამისმა ორგანომ გამოიტანა დადგენილება.“ (იხილეთ გენ. პროკურორის მოადგილის წერილი)
რაც შეეხება დათო ღურწკაიას გარდაცვალებას, გენ.პროკურორის მოადგილის, თ.კოღუას წერილის მიხედვით დასტურდება რომ დათო ღურწკაიას რუსეთში წასვლა არ იყო დაკავშირებული სამეზობლო დავასთან და ის ამ დავის წარმოშობამდეც რუსეთში იმყოფებოდა, ასევე დასტურდება, რომ ის რუსეთში მოკლეს და შემდგომ ჩამოასვენეს მარტვილის რაიონში (იხილეთ გენ. პროკურორის მოადგილის წერილი).
„აფხაზეთის ხმასთან“ საუბარში თავად გოჩა ლაშხია ამბობს:
,,მე არასდროს ვყოფილვარ სასამართლოს წინაშე. დღეს შემიძლია, სრულად წარმოგიდგინოთ ნასამართლეობის შესახებ. მე ვარ მარტვილის რაიონის სოფელ ტალერის მაჟორიტარობის კანდიდატი.
ვინაიდან მყავს ოპონენტები ,,ნაციონალური მოძრაობიდანაც“ და ბურჯანაძის პარტიიდან, იქ გამოკვეთილია რომ მე ვარ ლიდერი. ჩემი აზრით, აქედან მოდის ეს ყველაფერი.
მე უფრო მგონია, რომ ეს სხვა, კონკურენტი კანდიდატების აგორებული ამბავია წინასაარჩევნოდ.
-ანუ, მიგაჩნიათ, რომ ამ ბრალდებას პოლიტიკური სარჩული ჰქონდა? მაგრამ თუ ადრეც გამოუთქვამს ამ ქალბატონს ან ოჯახს, თქვენს წინააღმდეგ მსგავსი ბრალდებები?
-პოლიტიკური სარჩული მგონია. სხვა დროს არანაირი პრეტენზია არ ჰქონიათ მათ, მე წინა არჩევნებზეც ვიყავი ჩართული საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში, მაგრამ არანაირი პრეტენზია არ ყოფილა, ვიდრე მე არ შემეხო და მე არ გავხდი კანდიდატი.
ერთადერთ მიზეზად ვთვლი იმას, რომ გამსვლელი კანდიდატი ვარ და წინაასააარჩევნო პრობლემაა. ეს ბრალდება ჩემს რეპუტაციას ლახავს და კიდევ შელახავს, ყველამ წაიკითხა და, რა თქმა უნდა, ძალიან შეურაცხყოფილი ვარ, სრულიად აბსურდულია, რაც წერია იმ სტატიაში.
არასდროს არ ვყოფილვარ წარმდგარი სასამართლოს წინაშე, სისხლის სამართლის საქმე არ აღძრულა ჩემს წინააღმდეგ არასოდეს, ამის დამადასტურებელი დოკუმენტი თან მაქვს.
დეპუტატობის კანდიდატის ინტერესების დამცველის შენიშვნა:
„10 წლის წინ ნაზი ღურწკაიას ოჯახი ამ ბრალდებით წავიდა პროკურატურაში. პროკურატურამ არც აღძრა საქმე და, იქიდან გამომდინარე, რომ ბრალეულობის ნიშნები არ აღინიშნება არ დაწყებულა სისხლის სამართლებრივი დევნა გოჩა ლაშხიას მიმართ“.


