
ცნობილი ფეხბურთელი დევიდ ბექჰემი თბილისში, კომპანია „ელიტ ელექტრონიქსის“ მიწვევით იმყოფებოდა და მისმა ვიზიტმა მკაცრად გასაიდუმლოებულ ვითარებაში ჩაიარა. ინფორმაცია „აფხაზეთის ხმამ“ ექსკლუზიური არხებით მოიპოვა.
ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, საქართველოში ჩამოსულმა ინგლისელმა ფეხბურთელმა სარეკლამო რგოლის გადაღებებში მიიღო მონაწილეობა, რომელიც მალე გახდება საჯარო. რაც შეეხება საქართველოში ჩამოსვლას, დაბინავებასა და გადაადგილებას, დევიდ ბექჰემის მოთხოვნით, ქვეყანაში მისი სტუმრობა კონფიდენციალური უნდა ყოფილიყო, რაც შესრულდა კიდეც. ბექჰემმა საქართველო უკვე დატოვა.
დაუდგენელია, რა თანხა დაჯდა კომპანიის სარეკლამო კლიპში დევიდ ბექჰემის მონაწილეობა - კერძო კომპანიას ამ მხრივ გაწეული ფინანსური ხარჯების გასაჯაროების ვალდებულებას კანონი არ აკისრებს.
რაც შეეხება ინფორმაციას, ნამდვილად იმყოფებოდა თუ არა თბილისში დევიდ ბექჰემი „ელიტ ელექტრონიქსის“ მოწვევით, „აფხაზეთის ხმა“ გადასამოწმებლად საქართველოში კომპანიის წარმომადგენლობას დაუკავშირდა:
„ეს საიდუმლო ინფორმაციაა. არც ვადასტურებ და არც უარვყოფ“, - უთხრა „აფხაზეთის ხმას“ ქსელის პიარ მენეჯერმა ნოკა ბაინდურაშვილმა.