
„აფხაზეთის ხმის“ ინფორმაციით, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის ყოფილი მმართველი ზაალ ჩიქობავა გუშინ ღამით საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა დააკავა და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანა. მას ტაქსის მძღოლი ქალბატონი ცემის გამო უჩივის.
შსს-ში ადასტურებენ, რომ ზაალ ჩიქობავა პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, დაკითხეს და ხელწერილით გაათავისუფლეს. სისხლის სამართლის საქმე ცემის ფაქტზეა აღძრული, ხოლო ტაქსის მძღოლი ქალბატონის განცხადების შემდეგ დანიშნულია ექსპერტიზა, რომელიც შეისწავლის, რა დაზიანება მიიღო დაზარალებულმა.
„აფხაზეთის ხმამ“ ინფორმაციის გადამოწმება თავად ზაალ ჩიქობავასთან სცადა, რომელსაც მობილურ ტელეფონზე დაუკავშირდა. შეკითხვის მოსმენის შემდეგ ზაალ ჩიქობავამ განაცხადა: „არ მინდა ამ თემაზე საუბარი“.
„აფხაზეთის ხმის“ ინფორმაციით, ზაალ ჩიქობავა, სავარუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა და ის თანმხლებ პირთან ერთად მგზავრობდა, თუმცა, ხილიანზე ავტომანქანა გაჩერდა, ხოლო იქედან გადმოსული ზაალ ჩიქობავა ტაქსის მძღოლს აგინებდა და სიტყვებით: „შენ იცი, მე ვინ ვარ? იცი, ვის ელაპარაკები, ქალო?!“ ავტომანქანას ფეხებს ურტყამდა.
მოგვიანებით ის პოლიციის განყოფილებაში საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა ტაქსის მძღოლთან ერთად გადაიყვანა. სავარაუდოდ, სიტყვიერი დაპირისპირება ტაქსისტსა და ზაალ ჩიქობავას შორის ჩიქობავას მხრიდან ტაქსისტისადმი დაცინვამ გამოიწვია, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.