მეგის ქარდავა: ვინ ავრცელებდა დეზინფორმაციას, კონტრდაზვერვას უნდა დაედგინა და რატომ არ დაადგინა, დღეს უკვე ნათელია...

Image

"აფხაზეთის ხმა" საქართველოდან დევნილ, ინტერპოლის მიერ ძებნილ შსს-ს ყოფილ მაღალჩინოსანს მეგის ქარდავას დაუკავშირდა და მასთან ინტერვიუ ჩაწერა. მეგის ქარდავამ მის მიმართ საზოგადოებაში გაჩენილ შეკითხვებს უპასუხა.

 

რედაქციისთვის უცნობია, თუ სად იმყოფება ამჟამად მეგის ქარდავა, ხოლო ინტერვიუს ჩაწერა მოხდა ურთიერთთანხმობით, ჟურნალისტიკაში მიღებული მეთოდით იდენტიფიცირების შემდეგ.

 

გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს მეგის ქარდავასთან:

 

მეგის ქარდავა: - დავიწყოთ თავიდან, 2003 წელი, ”ვარდების რევოლუცია”, 2004 წელი - მიხეილ სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტია, პენიტენციალურ სისტემაში სიტუაცია უცვლელია; 2005 წლის დეკემბერი, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხემძღვანელად ინიშნება ბაჩო ახალაია და იწყება სისტემის გარდაქმნა, ყველა დაწესებულებებიდან გამოჰყავთ ე.წ. ” კანონიერი ქურდები და ათავსებენ #7 საპყრობილეში(რომლის ხემძღვანელად მე ვინიშნები), სადაც ხდება მათი იზოლირება, გავლენის სფეროს ჩახშობა, პრივილეგიების ჩამორთმევა და კანონის ფორმაში მოქცევა. 

 

რა თქმა უნდა, ამ ყველაფერმა მათში გამოიწვია უკმაყოფილება და დაიწყეს მოქმედება იმ ხალხის წინააღმდეგ, ვინც ამ პროცესში აქტიურად მონაწილეობდა, მათ შორის ერთ-ერთი ვიყავი მეც. რადგანაც ჩვენი მოსყიდვა ვერ შეძლეს, დაიწყეს ჩვენზე ბინძური ჭორების გავრცელება და ხმების დაყრა, რაშიც აქტიურად ჩართეს მათ მიერ მოსყიდული ე.წ. ”უფლებადამცველები ” და ჯერ კიდევ შემორჩენილი ” ჩინოვნიკები ”, რომლებიც იღებდნენ ” ქურდულ ხელფასს ”.

 

- მაგრამ თქვენს მიმართ მაშინვე აგორდა ბრალდებები. მიგაჩნიათ თუ არა, რომ მაშინვე უნდა გაგექარწყლებინათ ისინი, ანუ, უნდა გეპასუხათ, თუკი უსამართლოდ მიგაჩნდათ?

 

- დიახ, ეს პრივილეგიაჩამორთმეული კრიმინალები გვიწყობდნენ მთელ რიგ პროვოკაციებს, მაგრამ ჩვენ ვუმკლავდებოდით ყველაფერს, სწორედ ასეთი პროვოკაციის ერთ-ერთი მაგალითი იყო ე.წ. ”ციხის ბუნტი”, მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა, ჩვენ შევძელით ჩამოგვერთვა მათთვის გავლენის სფეროები, როგორც დაწესებულების შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთაც. სწორედ ამან გამოიწვია ქვეყანაში კრიმინოგენური სიტუაციის გაუმჯობესობა და დანაშაულთა პრევენცია.

 

ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, ვინც ციხეს აკონტროლებს, ის აკონტროლებს ქუჩას და შესაბამისად, ქვეყანას, ამიტომ ეს ხელს არ აძლევდა ჩვენს მტერს - რუსეთსა და მის სპეც.სამსახურებს, სწორედ აქედან გამომდინარე მათი სამიზნე გახდა ციხეები და ასევე გავხდით ჩვენ, ვინც ხელს ვუშლიდით (ჩვენში ვგულისხმობ ყველა იმ ადამიანს, ვინც შეძლო ციხეებში ადმინისტრაციული კონტროლის დამყარება ბაჩო ახალაიას მეთაურობით და რა თქმა უნდა, იმ ოფიცრებს, ვინც დღეს ტყვეობაშია ან წასულია ქვეყნიდან).

 

რაც შეეხება შეკითხვას, თუ აქამდე რატომ არ ვცემდი პასუხს, გეტყვით, რომ მე ვიყავი საჯარო მოხელე და თმენის ვალდებულება მქონდა. თუ ვინ ავრცელებდა ასეთ დეზინფორმაციებს და რა მიზანს ემსახურებოდა, ეს კონტრდაზვერვას უნდა დაედგინა, თუ რატომ არ დაადგინა, დღეს ყველასათვის ნათლად დადასტურდა და გაირკვა, რომ ისინი მაშინაც და დღესაც თანამშრომლობდნენ რუსეთის სპეც.სამსახურებთან...

 

სწორედ მათ მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე უკრაინაში დააკავეს ვიცე-პოლკოვნიკი გია ცერცვაძე, ასევე მტერს გადასცეს ინფორმაცია ყველა იმ ოფიცერზე, ვინც უპირისპირდებოდა და დაუპირისპირდება რუსულ ოკუპაციას (მათ შორის ჩემზეც ).

 

რუსეთის სპეც.სამსახურებმა, მაშინდელი კონტრდაზვერვის, დღევადელი ”ს.უ.ს”- ის მიერ ”შეკერილი საქმეებით ” დაატყვევეს ან ქვეყნიდან გააქციეს ის პატრიოტი ადამიანები, ვინც ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა და მომავალშიც შეეწინააღმდეგება რუსულ ოკუპაციას. ჩვენ წავაგეთ ბრძოლა, მაგრამ ომში აუცილებლად გავიმარჯვებთ!

 

- რა თქმა უნდა, თქვენთვის ცნობილი უნდა იყოს თქვენს მიმართ გავრცელებული მთავარი ბრალდების თემა და მოდით, გკითხავთ, რატომ გაჩნდა საერთოდ, კასრების თემა? ეს მთლიანად სპექტაკლი იყო თუ რაღაც სამალავი მართლაც არსებობდა?

 

- ეს არის რუსული სპეც.სამსახურები მიერ დადგმული მორიგი უნიჭო ფაბრიკაცია. ამ საქმესთან ჩემი დაკავშირება, მამიდაჩემის სახლიდან მოპარული ბაბუაჩემის დღიურით,რომელშიც იყო ჩანაწერი, მისი ხელნაწერი, ჩემი ბავშვობის დღის განრიგის შესახებ (რომელსაც, რა თქმა უნდა, მე არ ვასრულებდი), არის საბჭოთა ” КГБ " და ” მილიციის ” უძველესი მეთოდი. სამწუხაროდ ასეთ უნიჭო მეთოდებს დღესაც იყენებენ საქართველოში.

 

- მაგრამ ხელისუფლების ვერსიით, ეს სამალავები, სადაც ადამიანებს აწამებდნენ, სამეგრელოს ტყეებში არსებობდა. ამ სამალავებსაც თქვენთან აკავშირებდნენ. მოკლედ და გასაგებად რომ გვიპასუხოთ, არსებობდა თუ არა სამეგრელოში თქვენი მუშაობის დროს სამართალდამცველთა რაღაც ჯგუფი, რომელიც თუნდაც ტერორიზმში მხილებულებს, სანამ დროებითი დაკავების იზოლატორში გადაიყვანდა, თავად უწყობდა დაკითხვას, ძალადობდა მათზე და ამას კამერით იღებდა?

 

- 2012 წლის შემდეგ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არსებული საიდუმლო ობიექტების და თავდაცვითი ზღუდეების გაშიფვრა მოხდა, მათშორის სამეგრელოშიც. მე მჯერა, რომ დადგება დრო და ამ პროცესში მონაწილე ყველა მოღალატე სათანადოდ აგებს პასუხს, ხალხის და კანონის წინაშე.

 

სამეგრელოში სამალავები კი არა, არსებობდა საიდუმლო ობიექტები და თავდაცვითი ზღუდეები, რომლის საშუალებით შესაძლებელი იყო, რუსული აგრესის შეკავება და მასთან გამკლავება, ეს ობიექტები არანაირად არ წარმოადგენდა მეგის ქარდავას საკუთრებას, ის მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლების მიზნით გამოიყენებოდა.

 

სამეგრელოში არსებობდა ძალზე ეფექტური სამართალდამცველების დანაყოფი, რომლებიც პირნათლად და ღირსეულად ასრულებდნენ მათზე დაკისრებულ მოვალეობებს, სწორედ მათი დამსახურება იყო ის, რომ, შეძლეს იდეალური წესრიგის დამყარება, არა მხოლოდ სამეგრელო -ზემო სვანეთის ტერიტორიაზე, არამედ ოკუპირებულ გალის და მისი სოფლების ტერიტორიაზეც, სწორედ მათი თავდადების შედეგად გამოვლენილი და აღკვეთილი იქნა არა ერთი ტერორისტული აქტი. სწორედ ამიტომ კვლავ რუსეთის სპეც.სამსახურების სამიზნე გავხდით...

 

- თქვენი აზრით, რა იყო გადამწყვეტი ფაქტორი 2012 წლის არჩევნებზე და მიგაჩნიათ თუ არა, რომ ციხეებში სისტემური დანაშაული ხდებოდა სააკაშვილის ხელისუფლების დროს?

 

- ძირითადი ფაქტორი იყო რუსეთის სპეც.სამსახურები. 2008 წლის ომის შემდეგ ისინი საგძნობლად გააქტიურდნენ, იყენებდნენ ყველანაირ ხერხებს და მეთოდებს, მათ შორის ე.წ. ” კანონიერ ქურდებს ”, სასულიერო პირებს, ხელოვანებს, ე.წ. ” წითელ ინტელიგენციას”, ოლიგარქებს, ბიზნესმენებს, გააღვიძეს და მოქმედებაში მოიყვანეს ყველა მათი აგენტი, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, დაიწყეს შავი პიარის აგორება ყველა იმ ადამიანის წინააღმდეგ, ვინც მათთვის საფრთხეს წარმოადგენდა, პირველ რიგში, მიხეილ სააკაშვლის მიმართ.

 

მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ავრცელებდნენ ათასგვარ ჭორებს და დეზინორმაციას, ასევე მზადდებოდა სამხედრო გადატრიალება, რაშიც აქტიურად იყო ჩართული, ყველა მოღალატე, მათშორის: ირაკლი ოქრუაშვილი, ემზარ კვიციანი, სოზარ სუბარი, ვალერი ხაბურძანია, ნინო-ბადრი ბურჯანაძეები და სხვა. 

 

სწორედ ბაჩო და დათა ახალაიების ეფექტური მოქმედებების შედეგად ეს გეგმაც ჩაეშალათ, მაგრამ შეძლეს ახალი გეგმების განხორციელება, რითაც შელახეს მაშინდელი პრეზიდენტის რეპუტაცია მსოფლიო ასპარეზზე, ეს იყო ე.წ. ციხის კადრები.

 

რაც შეეხება შეკითხვას, ხდებოდა თუ არა სისტემური დანაშაული ციხეებში, გიპასუხებთ, რომ არანაირი სისტემური დანაშაული არ ხდებოდა, ეს იყო რუსეთის სპეც.სამსახურების მიერ ორგანიზებული პროვოკაცია, თუ როგორ მოახერხეს ამის განხორციელება, ეს გამოძიების საგანია, მაგრამ ფაქტია, რომ ამ კადრების ეთერში გასვლისთანავე, ყოველგარი ექსპერტიზის და ავთენტურობის დადგენის გარეშე, სასწრაფო წესით დაკავებული იქნა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ათობით თანამშრომელი, თანამდებობიდან გადადგა დეპარტამენტის მაშინდელი ხელმძღვანელი და მაშინდელი შ.ს. მინისტრი ბაჩო ახალაია, რომელსაც 2009 წლის შემდეგ არანაირი შეხება არ ჰქონია ციხეებთან. შედიოდა თუ არა ზემოთ აღნიშნული რუსეთის სპეც.სამსახურების ინტერესში? რა თქმა უნდა - კი...

 

- ანუ, როგორც ვხვდები, შეკითხვები წინა ხელისუფლებასთანაც გაქვთ?

 

- რატომ აღიარა მაშინდელმა ხელისუფლების ერთმა ჯგუფმა, მაშინათვე, ყოველგვარი სრულყოფილი გამოძიების ჩატარების გარეშე სისტემურ დანაშაულად? მოექცა თუ არა მაშინდელი პრეზიდენტი ამ ჯგუფის ზემოქმედების ქვეშ? ამ კითხვებზე პასუხი დღეს უკვე არსებოს, მაგრამ მოქმედებდა თუ არა აღნიშნული ჯგუფი რუსეთის სპეც.სამსახურების დავალებით, ამას დრო გვიჩვენებს...

 

-მიგაჩნიათ თუ არა, რომ წინა ხელისუფლების დროს, თუნდაც "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში", ბევრს ჰქონდა და აქვს სურვილი, წინა ხელისუფლების ყველა „შავი საქმე“ თქვენ დაგბრალებოდათ?

 

- მე არასოდეს არც ერთი პოლიტიკური პარტიის წევრი არ ვყოფილვარ, არასოდეს დამიხუჭავს თვალი კანონის აღსრულებისას პარტიული კუთვნილებიდან გამომდინარე, ჩემთვის ყოველთვის მთავარი იყო, არის და იქნება, საქართველოს ინტერესები და კანონის უზენაესობა, მე არასოდეს მისარგებლია ჩემი ძალაუფლებით საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, ჩემი მოღვაწეობის პერიოდში არაერთი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი იქნა სხვა და სხვა სახის დანაშაულში მხილებული და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული...

 

მე ვარ ძალიან პრინციპული, კანონის უზენაესობის მომხრე ადამიანი, აქედან გამომდინარე, ვერ ვეგუებოდი და ვერ შევეგუები ვერანაირ პრივილეგიებს, ხოლო კანონდარღვევაზე ხომ საუბარი ზედმეტია. მე ყოველთვის მოვქმედებდი და მომავალშიც ვიმოქმედებ ჩემი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ვინც არ უნდა ეცადოს და რასაც არ უნდა ეცადოს, სიმართლე ყოველთვის გაირკვევა...

 

- პოპულარული იყო ასევე ხმები, რომ თქვენ პირადად დაურეკეთ ერთ ადამიანს, რომელმაც სადღაც, სუფრასთან წარმოთქმული თქვენი სადღეგრძელოს დალევაზე უარი განაცხადა...

 

- ეს, ალბათ, მაშინ იქნებოდა, მე რომ თურმე ბაბუაჩემის სანახავად ვიყავი ჩასული, არა?..

 

- კარგი, რას აპირებთ? გეგმავთ საქართველოში ჩამოსვლას? და თუ - კი, როდის?

 

- მე საქართველოში დავიბადე და გავიზარდე, როცა თბილისში ვმუშაობდი, ყოველკვირა ჩავდიოდი ჩემს მშობლიურ ზუგდიდში, არ მეგონა, თუ ამდენ ხანს გავძლებდი ზუგდიდის გარეშე, მე ხომ ამ ქალაქში გამოვიარე ყველაფერი: მახსოვს "მხედრიონის" თარეში მის ქუჩებში, მახსოვს მრავალი უდანაშაულო ადამიანის დაღვრილი სისხლი მის ქუჩებში, მახსოვს მრავალი ახალგაზრდის უდროდ შეწყვეტილი სიცოცხლე მის ქუჩებში... მახსოვს და მტკივა, რომ დღეს ასეთი გაუსაძლისი პირობებია...

 

ამავდროულად, მეამაყება, რომ ცოტახნით მაინც შევძელი ამ ყველაფრის შეჩერება, ასევე მჯერა, რომ მალე კვლავ შევძლებ უფრო დიდი ხნით შეჩერებას და ჩემი მთავარი მიზნის მიღწევას - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში მონაწილეობის მიღებას და აფხაზეთში ღირსეულად დაბრუნებას...

 

ლაშა ბერულავა

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !