-
2016-01-06 13:08
როგორც მოსალოდნელი იყო, ზუგდიდში ადგილობრივი ხელისუფლება სრულიად მოუმზადებელი დახვდა დიდთოვლობას. დიდთოვლობაცაა და დიდთოვლობაც - იმის მიუხედავად, რომ ის სულ ორ დღეს გრძელდებოდა, ქალაქში ცენტრალური ქუჩები, ასევე, ზუგდიდი-ანაკლიის მაგისტრალი პარალიზებული იყო. ამ დროს ქალაქის მერი აცხადებდა, რომ გზები ოცდაოთხსაათიან რეჟიმში იწმინდება.
ოთო ალანია, სპეციალურად "აფხაზეთის ხმისთვის", ზუგდიდი
ზუგდიდს უფრო უარესი დიდთოვლობაც ახსოვს, მაგრამ მსგავსი სიტუაცია, რაც ქალაქისა და მიმდებარე სოფლებთან დამაკავშირებელ სამანქანო გზებზე და ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, თვით სამთავრობო შენობებსა და ტროტუარებზე იყო, არც წინა და არც იმისწინა ხელისუფლების დროს არ ყოფილა: თოვლისგან მოზნექილი ხეები, რომლებიც ტყდებოდა და ცენტრალური, თბილისისკენ მიმავალი გზა არაერთხელ ჩახერგა, დათოვლილი ახალი ნერგები დადიანების სასხლის ეზოში, რომელთა დასაბერტყად არავის ეცალა, თითქმის მუხლამდე თოვლი ტროტუარებზე და მოყინული თოვლი იქვე, ხოლო სამანქანო გზებზე - სრიალი მანქანათა და ღრჭიალი მძღოლთა კბილებისა, მეგრულ-ქართული, არცთუ თავაზიანი "მოკითხვებით" გაჯერებული, მანქანების შეჯახების ხმათა თანხლებით - ასე შეხვდა ზუგდიდი პოსტახალწლეულის რამდენიმე დღეს.
ამას კიდევ აიტანდა კაცი, რომ არა ყინვის გამო გამოუსადეგარი ბუნებრივი აირისა და წყლის მილსადენები და გათიშული დენი - სამეგრელოს მკვიდრთა უმრავლესობა სამდღიან "ბნელ წარსულში" დაბრუნდა. ყველაზე მეტად აუტანელი კი ის დაცინვა აღმოჩნდა, რაზეც ადგილობრივი ხელისუფლების რეაქცია მეტყველებდა: ქალაქის მერი ირაკლი გოგოხია "ოდიშის" ეთერში ირწმუნებოდა, რომ გზები ოცდაოთხსაათიან რეჟიმში იწმინდება, ხოლო გუბერნატორი ლევან შონია სამსახურში 4 იანვარს გამოჩნდა და იმ დღესვე სამხარეო ადმინისტრაციის ვებგვერდზე განთავსდა ინფორმაცია სათაურით: "გუბერნატორი ლევან შონია გზის პრობლემურ ადგილებში მძღოლებს ავტომანქანების გადაადგილებაში თავად ეხმარებოდა".
კაცმა რომ თქვას, გარეგნულად ეს მართლაც, ასე იყო: ჯანიანი კაცია სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი, როცა დაინახა, რა გასაჭირი ადგათ ქალაქის "პრობლემურ ადგილებში" მძღოლებს, მაშინვე ქუჩაში გაიჭრა და ერთ "ინომარკას" მთელი შემართებით ეძგერა. მართალია, ცალი ხელით, მაგრამ აკი, ზემოთ მოგახსენეთ, ჯანიანი კაცია-მეთქი... ახლა, ზოგი იმასაც იტყვის, ეს "პაკაზუხა" ფოტოა, რადგან გუბერნატორს "ზამშის" ფეხსაცმელი აცვია და აბა, ასე ვინ გადის ქუჩაში დიდთოვლობის დროსო, მაგრამ ინტრიგანებს რა დალევს - მოინდომა კაცმა...
სხვა რა უნდა ექნა გუბერნატორს - არ ელოდებოდა ამხელა თოვლს და კაბინეტში "ვალინკები" არ ჰქონდა, სანამ საწყობიდან მოიტანდნენ, მანამდე კი დრო არ ითმენდა - ფანჯრიდან გაჰყურებდა გასაჭირში ჩავარდნილ თანამოქალაქეებს და ვერ მოუთმინა გულმა, გავიდა გარეთ "ზამშის" ფეხსაცმლით...
არ ვიცი, რა ეცვა ქალაქის მერს ფეხზე, მაგრამ ის გუბერნატორზე ნაკლებადემოციური აღმოჩნდა - საცობებსა და გაუვალ ადგილებს ჯიპით მიადგებოდა ხოლმე და არც გადმოდიოდა, მაგრამ სამაგიეროდ, გვერდითა საქარე მინას ჩამოსწევდა ხოლმე და მოცურების საწინააღმდეგოდ დარაზმულ ზუგდიდელებს ამხნევებდა. ისტორიიდან კი გეცოდინებათ, რამდენს ნიშნავს, როცა სარდალი ან ჯგუფის ხელმძღვანელი ცხენით ჩამოუქროლებდა ქვეითებს მთავარი შეტაკების წინ და გამამხნევებელ ფრაზებს ეძახდა...
ასე მოიქცა ირაკლი გოგოხია, მაგალითად, ენგურქაღალდკომბინატის დასახლებაში, სადაც ავტობუსი იყო მოცურებული და მის გადაყვანას გაკვალულ გზაზე ვერ ახერხებდნენ: მუხლებამდე სველ თანამოქალაქეებს ჯიპით წრე დაარტყა, არ გადმოსულა, მაგრამ საქარე მინაჩაწეულმა დაიყვირა - ტრაქტორი მალე მოვაო და სხვათა გასამხნევებლად დაიძრა...
ზოგადად კი, სიტუაციას, რომელიც ქალაქში იყო შექმნილი, ყველაზე კარგად აღწერს ეს ფოტო, სადაც ჩანს, რა ხდებოდა ქალაქის მთავარ მოედანზე, სამხარეო ადმინისტრაციის შენობის წინ - მთავარ სამთავრობო დაწესებულებასთან:
ქალაქისა და მხარის ხელმძღვანელობას მშველელებად ისევ ბუნება და ზუგდიდელი ახალგაზრდები მოევლინნენ. ჯერ იყო და, 5 იანვარს, გამთენიისას იწვიმა, მერე მთელი დღის განმავლობაში მშრალი ამინდი შენარჩუნდა და თოვლმა დნობა დაიწყო, ხოლო 5 იანვარს ზუგდიდის ქუჩებში, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მრავლად ნახავდით ახალგაზრდებს, რომლებიც ნიჩბებმომარჯვებული ებრძოდნენ გაყინულ თოვლს ტროტუარებზე და გადასასვლელებზე მოხალისეებმა შეკრება სოციალურ ქსელში დაანონსეს, მათ რაიონის საკრებულოს ორი წევრი - ანი წითლიძე და ბათლომე შელიაც ("ერთიანი ნაციონალური მოძრაობა") შეუერთდნენ და ქალაქის რთული უბნები დაინაწილეს.
ამასობაში კი ქალაქისა და რაიონის გამწვანებისა და კეთილმოწყობის სამსახურის 17 მუშა და 31 ბრიგადირი, ჩამვლელი მანქანების თვალსასეიროდ, ვითომ დიდთოვლობას ებრძოდნენ: ცენტრალურ, თბილისის ტრასაზე ცახერგილი ხეებისგან წმენდნენ გზას, მაგრამ ერთი ჩახერგვის ადგილიდან მეორემდე მისვლას ძალიან დიდხანს ანდომებდნენ, რადგან მანქანა, რომელიც 52 ათას ლარად შეისყიდეს, ერთხელ ჩატარებული კაპიტალური რემონტის მიუხედავად, მიწოლის გარეშე არ იქოქებოდა, მიწოლა კი, მოგეხსენებათ, მოყინულ კი არა, მშრალ გზაზეც ჭირს...
თუ კითხვა გაგიჩნდათ, 17 მუშას 30-ზე მეტი ბრიგადირი რაში სჭირდებაო, მაგის პასუხი მარტივია: ზოგადად, ამ სამსახურში "ქართული ოცნების" ის აქტივისტები დაასაქმეს, დაუსაქმებლობის შემთხვევაში რომ იყვირებდნენ: "ტყუილად ვიდექი იმ თაკარა მზეში?", ხოლო მათ შორის უმრავლესობა ისინი აღმოჩნდნენ, ვინც "უბრალო მუშის" ტიტული იუკადრისა და ბრიგადირად სწორედ ამის გამო გაამწესეს...
ამ ფოტოზე კი ზუგდიდი არ არის - ის გურიაში გადაიღეს და "ფეისბუქზე" გაავრცელეს. ეტყობა, გურიაშიც ანალოგიური და, შეიძლება ითქვას, უარესი სიტუაციაც კი იყო, ვიდრე სამეგრელოში, რადგან ადგილობრივი ხელისუფლების უნიათობა ამ ძაღლმაც კი შეიგრძნო და ცდილობს, პატრონს მანქანის დაძვრაში დაეხმაროს, თანაც, სამეგრელოს გუბერნატორისგან განსხვავებით, ორი კიდურით აწვება, ალალად და პატიოსნად...