-
2016-01-06 11:27
სამ იანვარს, მარტვილიდან ქუთაისში ტრანსპორტირების დროს გარდაიცვალა მამაკაცი, რომელიც მუცლის ტკივილსა და შებერილობას უჩიოდა. მან იმავე კლინიკას მიაკითხა, სადაც დაახლოებით ერთი თვის წინ თიაქარის ოპერაცია გაიკეთა. მას რეანომობილის გამოძახებაზეც უარი უთხრეს და ქუთაისში გადასაყვანად მამაკაცის მეზობელმა ჯიპით შესთავაზა, თუმცა შოთა გეგეჭკორის გადარჩება ვერ მოხერხდა და ის ხონში გარდაიცვალა.
თავდაპირველად მარტვილის საავადმყოფოს მედპერსონალმა მიიჩნია, რომ შოთა გეგეჭკორის მდგომარეობა არ საჭიროებდა სასწრაფო ტრანსპორტირებას, თუმცა მას შემდეგ, რაც მისი მდგომარეობა კლინიკაში, ექიმების თვალწინვე დამძიმდა, ოჯახს სასწრაფოდ მისი ქუთაისში გადაყვანა ურჩიეს, ხოლო რეანომობილის გამოძახებაზე უარი უთხრეს.
ზაალ გოროზიამ, რომელიც გარდაცვლილის მეზობელი და მარტვილის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე, ხოლო საკრებულოს მოქმედი წევრია, საავადმყოფოს საკუთარი ჯიპი დაუთმო, რათა ავადმყოფის გადაყვანა შესაძლებელი ყოფილიყო.
3 იანვარს დასავლეთ საქართველოში ძლიერად თოვდა, რის გამოც გზაზე გადაადგილება გაძნელებული იყო, ხილვადობა - დაბალი. მამაკაცი ხონში გარდაიცვალა. შოთა გეგეჭკორის ოჯახის წევრები და ახლობლები მედპერსონალს უყურადღებობაში ადანაშაულებენ.
ისინი ამბობენ, რომ შოთა გეგეჭკორს ტკივილები ოპერაციის შემდეგაც აწუხებდა და საავადმყოფოს არაერთხელ მიმართა, მაგრამ ექიმები მისი პოსტოპერაციული სიმპტომებით არ დაინტერესებულან. როგორც ისინი ამბობენ, ავადმყოფი ზერელედ გასინჯეს და სახლში გაუშვეს, ხოლო მეორე მისვლის დროს უთხრეს, რომ შეეძლო მშვიდად ყოფილიყო, რადგან "საგანგაშო არაფერი სჭირდა".