„ხმა, შენი დედაც!.. კარგი იყო, ჩვენებს გალში რომ ასე უკეთებდნენ?!“ – „კასრების ვიდეოდან“ ეს მეგრული ფრაზა ამოჭრეს

Image

ე.წ. კასრების ვიდეოს გავრცელებამ რუსულ საიტებზე, რომლებსაც შეცდომით უწოდებენ უკრაინულს, საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია და, სრულიად სამართლიანადაც: კადრებში აღწერილია ადამიანის უფლებების შელახვა, წამება, გაუპატიურება, რამაც, ცხადია, არავინ დატოვა გულგრილი. 

 

ხელისუფლების მდუმარე თანხმობით, ხშირად კი ხელისუფლების წარმომადგენელთა მონაწილეობითაც კი, ხდებოდა ამ კადრების საჯარო ჩვენება, სკანდალის მოყვარულმა და პროსახელისუფლო მედიამ კადრები მაშინვე გაასაჯაროვა, პრემიერმინისტრმა კი მოგვიანებით გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ ენმ მადლობელი უნდა იყოს, ხალხი რომ იმას არ უკეთებს, რაც იმ ვიდეოებშია.

 

ვინ ვინ და ირაკლი ღარიბაშვილმა ძალიან კარგად იცოდა, რა იყო იმ კადრებში. ჯერ კიდევ სამი წლის წინ, როცა ღარიბაშვილი ჯერაც შს მინისტრი იყო, მედიახელმძღვანელები და წამყვანი ჟურნალისტები დახურულ შეხვედრაზე დაიბარეს და კადრები, რომლებიც ახლა დაჭრილი, ნაწილ-ნაწილ და მცირე ულუფებად ვრცელდება, ერთად დამონტაჟებული უჩვენეს.

 

გავრცელებული კადრები რომ ზუსტად იმის იდენტურია, რაც მაშინ ჟურნალისტებმა ვნახეთ, ეჭვს არ იწვევს, საეჭვოა რამდენიმე დეტალი, რომლებზეც ამ სტატიაში გავამახვილებ ყურადღებას.

 

დახურულ სხდომაზე ნაჩვენებ და ახლახან გავრცელებულ კადრებს შორის მთავარი სხვაობა მხოლოდ მონტაჟის დროს გამოყენებული გამოსახულების დაფარვის ეფექტი და ერთი ამოჭრილი ფრაზაა, საიდანაც ადვილად შეიძლებოდა დადგენილიყო, რა მოტივი ჰქონდა მოძალადეთა მოქმედებას, რომელსაც, თუმცა არანაირი გამართლება არა აქვს, მაგრამ გამოძიების ვალდებულებაა, დაადგინოს, რა მიზანი ამოძრავებდათ წამების ობიექტების მიმართ მწამებლებს.

 

გამოსახულების დაფარვის ეფექტი დახურულ შეხვედრაზე წარმოდგენილ კადრებში, რომლებიც, ჟურნალისტების შემდეგ, დიპლომატიურ კორპუსსაც უჩვენეს, ბევრად უფრო მასშტაბურად იყო გამოყენებული, ვიდრე ეს ახლახან გავრცელებულ კადრებში ჩანს. ადრინდელ მონტაჟში დაფარული იყო როგორც წამების ობიექტის სახე, ასევე მოძალადეთა სხეულიც, არ ჩანდა ინტიმური ადგილები და გაუპატიურებისა თუ მისი იმიტაციის სცენების აღქმა მხოლოდ „დაბლარული“ გამოსახულების ფონზე იყო შესაძლებელი.

 

სამი წლის შემდეგ გავრცელებული კადრები, როგორც ჩანს, ვიდეოს ორიგინალიდან ხელახლა გადაამონტაჟეს - უფრო მეტი სიმძაფრისთვის, მეტი მღელვარების გამოწვევისთვის, „ბლარი“ მხოლოდ წამების ობიექტთა სახეზე იყო დადებული, დანარჩენი ყველაფერი წარმოჩინდა დაფარვის ეფექტების გამოუყენებლად.

 

რას ნიშნავს ეს? იმას, რომ ხელისუფლების მიერ დახურულ სხდომაზე ნაჩვენები, დამონტაჟებული კადრების ორიგინალზე ვიღაცას ან ვიღაცეებს ხელი მიუწვდებოდათ და საჯაროდ გასავრცელებლად მათ ორიგინალი კადრები ხელახლა გადაამონტაჟეს... რამდენად ადვილი იქნებოდა გარეშე პირთათვის, ჰქონოდათ წვდომა გრიფით საიდუმლო კადრებზე, თავად განსაჯეთ...

 

გაიჟღერა იმ ვერსიამაც, რომ კასრებში აღმოჩენილი ვიდეოები არ იყო ერთადერთი ეგზემპლარები და ასლები თან წაიღეს 2012 წლის არჩევნების შემდეგ საქართველოდან წასულმა ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ხოლო როცა საჭიროდ ჩათვალეს, გაავრცელეს.

 

ეს ნაკლებად მოსალოდნელია. არსებობს გონივრული ეჭვი და ლოგიკური ბმა, რომ საქართველოდან გაქცეულ პირებს თან არაფერი წაუღიათ და კასრებში შენახული ვიდეოები მხოლოდ ერთი ეგზემპლარი იყო, ხოლო მათი ასლები მას შემდეგ გაჩნდა, რაც ორიგინალი ხელში ჩაუვარდა ამ ხელისუფლებას. ძალიან ბევრი შეკითხვა გაჩნდა იმასთან დაკავშირებითაც, თუ რატომ დატოვეს საერთოდ ეს კადრები გაქცეულებმა? რომელი ჭკუათმყოფელი დატოვებდა მისივე კომპრომატად გამოსაყენებელ კადრებს?

 

პასუხი აქაც არსებობს: ვიდეოფირები ამ და სხვა კადრებით, ირაღი, სავარაუდოდ, ოპერატიული საქმიანობისთვის გამოსადეგი ნარკოტიკული ნივთიერებები, საბრძოლო მასალები - ეს ყველაფერი ის იყო, რაც გაქცევის წინ კასრებში იმისთვის მოგროვდა, რომ განადგურებულიყო. ჩვენი ინფორმაციით, წინა ხელისუფლების ძალოვანი სტრუქტურების იმ წარმომადგენლებმა, რომლებიც ქვეყანას ტოვებდნენ, რამდენიმე, მათი აზრით, სანდო პირი შეარჩიეს, „კასრების“ სამალავების ადგილსამყოფელი აჩვენეს და შიგთავსის განადგურება დაავალეს, თვითონ კი ქვეყანა დატოვეს.

 

ამის შემდეგ მოვლენები ბანალური სცენარით განვითარდა: ის პირები, ვისაც გაქცეულებმა ნდობა გამოუცხადეს, ზუსტად ისე რომ მოქცეულიყვნენ, რა პირობაც დადეს, ანუ, კასრების შიგთავსი რომ მართლაც გაენადგურებინათ, კადრებს, რომლებსაც დღეს ხელისუფლება ხალხში აგრესიის გასაღვივებლად იყენებს, ვერავინ იხილავდა. თუმცა, ამ პირებმა მასალების განადგურების ნაცვლად, ძალოვან სტრუქტურებთან თანამშრომლობა არჩიეს და მათ სამალავი მიასწავლეს, რის შემდეგაც ყველამ შეიტყო „სამალავების საქმის“ გახსნისა და შემზარავი კადრების არსებობის შესახებ.

 

ახლა კი დავუბრუნდეთ ფრაზას და ზოგადად, ვიდეომასალებთან დაკავშირებულ დეტალებს. დახურულ ჩვენებაზე წარმოდგენილ კადრებში, ბუნებრივია, აუდიოც იყო წარმოდგენილი. შესაბამისად, ისმოდა ყველა ფრაზა, რითაც მწამებლები წამების მსხვერპლთ, ან პირიქით - მსხვერპლნი მიმართავდნენ მოძალადეებს.

 

აღსანიშნავია, რომ ერთი ფრაზა, რომელიც, შესაძლოა, საკვანძო იყოს იმის დასადგენად, რა მიზნით მიმართეს წამების ასეთ სადისტურ ფორმებს მოძალადეებმა, ახლახან გავრცელებულ, დანაწევრებულ ვიდოებში არსად გვხვდება - ის, უბრალოდ, ამოჭრილია. ამოჭრილია იმის მიუხედავად, რომ ამ ფრაზის წარმოთქმის დროს კადრში სწორედ ერთერთი, გამორჩეულად სასტიკი ქმედება ჩანს და იმის საილუსტრაციოდ, რაოდენ მიუღებელი იყო მოძალადეთა მეთოდები (და ამ კადრების გავრცელების ოფიციალურ მიზეზად სწორედ ეს სახელდება), დიახაც, უნდა ყოფილიყო.

 

კონკრეტულად, ერთ-ერთი ძალადობის სცენის დროს, წამების ობიექტის სასოწარკვეთილ შეძახილზე: „რას შვრებით? არ გინდათ, გეხვეწებით, რას აკეთებთ!“, რომელსაც ის მეგრულად წარმოთქვამს, მეგრულადვე ისმის პასუხი: „ხმა, შენი დედაც მო**ან!.. ის კარგი იყო, ჩვენებს რომ გალში ასე უკეთებდნენ?!“, რის შემდეგაც მოძალადეები სადისტური მეთოდების გამოყენებას აგრძელებენ.

 

რას გულისხმობდა ამ ფრაზაში ერთერთი მოძალადე და რატომ შეიძლება, ეს ფრაზა საკვანძოდ ჩაითვალოს?

 

საზოგადოების დაინტერესებულმა ნაწილმა, შესაძლოა, არ იცის, რომ გავრცელებული კადრებიდან ყველა უკავშირდება 2010 წლის ოქტომბერ-ნოემბერში საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში, ძირითადად, თბილისში მომხდარ ტერაქტებს. ანუ, ამ დანაწევრებულ ვიდეოებში ძალადობის ორი მსხვერპლია - ორივე 2010 წლის ტერაქტების უშუალო შემსრულებლები.

 

არსებობს მათი აღიარებითი ჩვენებები, არსებობს ქუჩის სათვალთავალო კამერები, რომლებმაც გადაიღეს ეს შემსრულებლები თბილისში და, შესაძლოა, ბევრს არც ახსოვს, რომ არსებობს ამ ტერაქტების ერთი მსხვერპლიც - ქალბატონი, რომელიც ლეიბორისტული პარტიის ოფისთან მომხდარი აფეთქებიდან ცოტა ხანში, აფეთქების დროს მიღებული დაზიანებების გამო, გარდაიცვალა.

 

ლეიბორისტული პარტიის ოფისის გარდა, მაშინ ოკუპირებულ აფხაზეთში მყოფი რუსი სამხედრო პირის - ბორისოვის მიერ გადაცემული ასაფეთქებელი მოწყობილობები ამ ორმა პირმა ბორჯომის ვაგზალთან, აშშ-ის საელჩოსთან, მუხიანში, ცოტნე დადიანის ქუჩაძე, ვაგზლის სიახლოვეს, ასევე ხობის რაიონის სოფელ ჭალადიდში, სარკინიგზო ხიდზე და ქუთაისის მერიასთან დადეს.

 

მაიორი ბორისოვი ტელევიზიით ეცნობოდა დავალების შესრულების მიმდინარეობას და უკმაყოფილოც კი დარჩა - აშშ-ის საელჩოში ასაფეთქებელი შიდა ტერიტორიაზე რატომ არ შეაგდეთო - ამ საუბრების აუდიოჩანაწერებიც არსებობს და დადგენილია, რომ ნომერი, რითაც ბორისოვი ტერაქტების შემსრულებლებს უკავშირდებოდა, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე იყო აყვანილი.

 

არსებობს ვარაუდი, რომ საჯაროდ გავრცელებული კადრებიდან ამ ფრაზის ამოჭრით მისი გავრცელების მოთავეებს სურდათ დაემალათ, რომ ძალადობის მსხვერპლნი ტერაქტების შემსრულებლები არიან, ხოლო მოძალადეები - გალში, ზოგადად, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მიმდინარე პროცესებში გარკვეულები, ხოლო მათი მხრიდან სადისტური, არაადამიანური მეთოდების გამოყენება, ერთგვარი სასტიკი შურისძიება იყო იმ მეთოდების გამო, რასაც აფხაზი ბოევიკები და რუსი ოკუპანტები ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაკავებულ, ქართულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის ბრალდებით აყვანილი პირების მიმართ იყენებდნენ.

 

ანუ, ვინც ეს კადრები გაავრცელა, სურდა დაემალა, რომ ვიდეოზე აღბეჭდილი ძალადობის მსხვერპლი ორივე შემთხვევაში, ტერაქტების უშუალო შემსრულებელია, არავითარი პატიმრების მასობრივი გაუპატიურება არ ხდებოდა და რომ ქართველი პოლიციელების მრავალათასიან შემადგენლობაში არსებობდა რადიკალური, სადისტური მიდრეკილების მქონე პირებით დაკომპლექტებული ჯგუფი, რომელიც თვითნებურად, ყოველგვარი „ზემოდან დავალების“ გარეშე (გამოძიებამ ზემდგომ პირთაგან მითითებების მიცემის ვერცერთი ფაქტი ვერ გამოავლინა), ახდენდა ზეწოლას დაკავებულებზე და მათ მიმართ, ასევე თვითნებურად, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის, ღირსების შემლახველ მეთოდებს იყენებდა, თან, ყველაფერს ვიდეოზე იღებდა იმიტომ, რომ ძალადობის მსხვერპლი კომპრომატებით დაეშინებინა, თუმცა, ეს, რასაკვირველია, ოდნავაც ვერ ცვლის იმ ფაქტს, რომ ეს მეთოდები ამაზრზენია და მისი გამოყენების ყველა მოთავე, შემსრულებელი კანონის მთელი სიმკაცრით უნდა დაისაჯოს.

 

ხოლო შეკითხვას, თუ რატომ ამოჭრეს საჯაროდ გავრცელებული ვერსიიდან მაინცდამაინც ეს ფრაზა და კონკრეტულად, ვინ არიან ამ კადრების გამვრცელებლები, სავარაუდოდ, პასუხი რამდენიმე წელიწადში გაეცემა - ხომ სწორედ ეს დრო დაგვჭირდა ე.წ. ციხის კადრების შესახებ სიმართლის დასადგენად და ლადო ბედუკაძისთვის გმირის მანტიის შემოსახევად... 

 

ლაშა ბერულავა, სპეციალურად "აფხაზეთის ხმის" ვებგვერდისთვის

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !