
"დაათვალიერეთ და არ გამოტოვოთ არაფერი მეგობრებო: სკოჩით დაწებებული კარდონები (a.k.a კედლები და ჭერი), არა ფანჯარა, არა კარები, არა იატაკი, და ყველა სხვა დეტალი" - სოფო ბოკუჩავა, რომელმაც არაერთხელ შეისწავლა და გამოაქვეყნა 13 ივნისი დაზარალებულთა დროებითი თავშესაფრით უზრუნველყოფის უარყოფითი მხარეები, ახალ ფოტორეპორტაჟს აქვეყნებს.
"მე ვარ გაბრაზებული, არა, მე ვარ საშინლად გაბრაზებული!
როგორ ცხოვრობს 13 ივნისის წყალდიდობის მსხვერპლი ხიჯაკაძეების ოჯახი,
დაათვალიერეთ და არ გამოტოვოთ არაფერი მეგობრებო:
სკოჩით დაწებებული კარდონები (a.k.a კედლები და ჭერი), არა ფანჯარა, არა კარები, არა იატაკი, და ყველა სხვა დეტალი... კარგად დაათვალიერეთ და გთხოვთ, დამარწმუნეთ, რომ მხოლოდ იმ საერთაშორისო შემოწირულობებიდან (16 მილიონი) სახელმწიფომ ვერ მოახერხა ამ ხუთსულიანი ოჯახისთვის ერთოთახიანი სახლი მაინც ეყიდა...
ხიჯაკიძეების ოჯახს ბინის ქირას (სხვებისგან განსხვავებით) არ უხდიან და არსად არ შეჰყავთ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ 13ივნისამდე (დღემდე) ისინი ამ ქოხში ცხოვრობდნენ ქირით და რადგან ამ სოციალურად დაუცველი და სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახის სახელზე არ იყო გაფორმებული ეს 5კვ მ, ამის გამო ისინი იძულებულები გახდნენ, რომ დაბრუნებულიყვნენ იმ ქოხში, რომელიც 13 ივნისის მოვლენების ეპიცენტრში იყო(და ისედაც გაუბედურებული ოთხი კარდონი ეხლა შუაზეა გადახსნილი).
შენ სახელმწიფო, ხედავ რომ ესეთ პირობებში ცხოვრობს ორი მშობელი, ორი სკოლის მოსწავლე და ერთი 4 წლის ბავშვი, რეალურად ყოველ დღე და ყოველ ღამე სიცოცხლის საფრთხის ქვეშ არიან იქ ყოფნით; ყველაზე მეტად მათ დაარტყა 13 ივნისის წყალდიდობამ და რადგან მათზე არაა გაფორმებული დგახარ და იგნორს ადებ, უარყოფ მათ არსებობას, უარყოფ ბავშვების სიცოცხლის რისკის არსებობას, უარყოფ, რომ ადამიანები არიან, უარყოფ შენი ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც ითხოვენ, რომ მისცე ოთხი კედელი და ჭერი(სხვას აბსოლუტურად არაფერს არ ითხოვენ)...
ერთჯერადად მოგვცეს 500 ლარი და მაგის მერე სახელმწიფოსგან არაფერი გვსმენიაო.
გასაგებია, რომ ბევრი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მცხოვრები ოჯახია ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ 13 ივნისის გამო ამდენი თანხა რომ იქნა გამოყოფილი პიარისთვის მაინც გააკეთე და სადმე მიეცი ოთხი კედელი... მე ვერ ვხვდები. შემოწირულობები იყო დაზარალებულთათვის ხომ? ეს ოჯახი 13ივნისის წყალდიდობისას დაზარალებულების ოჯახია. რატომ არ არის მიზნობრივად თანხები გადანაწილებული და დახარჯული?!
სანამ ამათთან მივიდოდით, შეცდომით მეორე მხარეს, სვანიძის ქუჩაზე ავედით და იქ ერთი ქალი შეგხვდა, რომელიც თავს ასევე დაზარალებულს უწოდებს, სახლიც გვაჩვენა (მის სახლს არაფერი არ ეტყობოდა ზიანის) და მისი ეზოს იქით მოხდა, რაც მოხდა, მაგრამ ამ 120კვ მ-ის მფლობელ ქალბატონს 2 (ორი) ბინა უქირავა სახელმწიფომ, ორი. ხიჯაკაძეების ოჯახს - ერთჯერადი 500 ლარი გადასცა.
ნედ სტარკის თქმის არ იყოს, ზამთარი მოდის, მშობლებს სიკვდილამდე ეშინიათ აქ დარჩენის, იმიტომ რომ ყოველი წვიმის დროს უარესდება ქოხის პირობა, წყალი შემოდის, ჭერი ქვემოთ იწევა, ორი დღის წინ მორიელი მოკლა ამ ქალმა, რომელიც ბავშვის საწოლში იპოვა, LIKE WHAT THE HELL PEOPLE?!
ძალიან გაბრაზებული ვარ და უმეტესად იმიტომ, რომ საკმარისად ბევრი ხალხი არაა გაბრაზებული...", - წერს სოფი ბოკუჩავა.