„Шаланды, полные реформ“: სააკაშვილის ჩქაროსნული სტარტი უკრაინაში

Image

ფრანგული სიტყვა „შალანდა“, რომელიც თარგმანში ბტყელძირიანი, თევზსაჭერი და სხვა დანიშნულების გემია, თავიდანვე იქცა მიხეილ სააკაშვილის გაგუბერნატორების აღმნიშვნელ სიტყვად და უკრაინულმა, რუსულმა და ქართულმა მედიამ სხვადასხვა ასპექტში აიტაცა. 

 

ცნობილი კომპოზიტორის ნიკოლოზ ბოგოსლოვსკის მიერ ვლადიმირ აგატოვის სიტყვებზე დაწერილი და ფილმ „ორ მებრძოლში“ გამოყენებული სიმღერა „კეფალით სავსე შალანდები“ თავად მიხეილ სააკაშვილმა გაიზიარა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ჯერ კიდევ მაშინ, როცა გადაწყვეტილი არ იყო, ინიშნებოდა თუ არა ის ოდესის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად. „მე მიყვარს ოდესა“ - თან დაურთო მიხეილ სააკაშვილმა ჰიტის ვიდეოს.

 

ოდესელები დიდი იმედით დახვდნენ მიხეილ სააკაშვილს და კიდევ ერთი ჰიტის: „მიშკა, შენ ოდესელი ხარ!“ ინტერპრეტირებაც მოარგეს - ქუჩაში ბილბორდიც კი წამოუჭიმეს. ვინ-ვინ და სააკაშვილმა ძალიან კარგად იცოდა, რამხელა მსხვერპლის გაღება უწევდა, როცა გუბერნატორობას დათანხმდა, მაგრამ ეს თანამდებობა და ამ თანამდებობის თანმდევი ვნებათაღელვა სწორედ ის იყო, რაც სააკაშვილს სჭირდებოდა.

 

ცნობილია, რომ მიხეილ სააკაშვილმა, თავის დროზე, თავდაყირა დააყენა ქართულ რეალობაში ფესვგადგმული უამრავი მიდგომა და წარმოდგენა, პირველ რიგში - „მოჩქარეს დაუგვიანდეს“, თუმცა ერთგული დარჩა ქართველებში არცთუ პოპულარული განვრცობის: "დღემეხვალიე კაცსაო, თოვლი მოუვა კარსაო".

 

სააკაშვილი ჩქარობდა საქართველოში: ის გეგმავდა, აშენებინებდა, აშენებამდე ობიექტებს, თბილისშიც და თბილისის გარეთაც, სრულიად მოულოდნელად, ზოგჯერ ღამის საათებში სტუმრობდა - არც თვითონ ეძინა, არც სხვას აძინებდა და ერთადერთი, რასაც ითხოვდა, ტემპი იყო - ამ გადასახედიდან თითქოს ისედაც კი ჩანს, რომ იცოდა, ცოტა დრო ჰქონდა და შეიძლებოდა, ბევრი რამ ვერ მოესწრო...

 

სააკაშვილი ჩქარობს უკრაინაშიც - ოდესაში გადაბარგება მისთვის მისწრება იყო. როგორც ფრანგული პოპულარული ყოველკვირეული Le Point წერს, "ის არაა დაბადებული იმისთვის, რომ თავისი სამუშაო დღე დილის 10 საათზე დაიწყოს და საღამოს 19 საათზე დაამთავროს. მას მოქმედების მოთხოვნილება აქვს. ეს აათკეცებს მის ენერგიას“ - ამ სიტყვებს ჟურნალისტს სააკაშვილის თანაშემწე ეუბნება, რომელიც მოგვიანებით ფრანგ მასმედიელს გამოუტყდა, რომ ოდესის ზღვის სანაპიროზე ჯერაც არ გასულა საბანაოდ - სააკაშვილის გრაფიკის გამო...

 

სააკაშვილი ეუბნება კიდეც უკრაინის სახელმწიფო ავიაციის უფროსს, როცა ის ეკითხება, რომელ საათამდე მუშაობთო (ჩინოვნიკს სააკაშვილის სამუშაო საათების დადასრული, თითქოსდა იმისთვის აინტერესებდა, რომ ის თავის სახლში წაეყვანა და ეჩვენებინა, რა მოკრძალებულად ცხოვრობს): „მე სადღეღამისო რეჟიმში ვმუშაობ, დრო არ მაქვს... რა სახლზე მელაპარაკებით, როცა კონკრეტულად თქვენ ცრუობთ და ამბობთ, თითქოს თქვენს ხელფასზე - 5.500 გრივნაზე ცხოვრობთ!“, - იფეთქა მაშინ სააკაშვილმა.

 

სიჩქარის ფორმულა უკრაინაშიც იგივეა, რაც საქართველოში. იგივეა სტილიც: იუსტიციის მინისტრმა სააკაშვილმა თბილისში, მთავრობის სხდომაზე სახელმწიფო მოხელეების სახლების ფოტოები ააფრიალა, ხოლო უკრაინაში კომისიის სხდომაზე შევიდა და გაოცებულ წევრებს პირში მიახალა, ჩემი ნება რომ იყოს, ყველას გაგყრიდით, რადგან თქვენ ოლიგარქების ინტერესებს ემსახურებითო.

 

უკრაინულ მედიას სულ ცოტა დროს დასჭირდა იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის მისადაგებული „შალანდები“ იმ კონტექსტში ეხმარა, რაც თავიდანვე უნდა ყოფილიყო სააკაშვილის მიზანი - რეფორმები ოდესაში. და ახალი ინტერპრეტაციაც დაიბადა - „რეფორმებით სავსე შალანდები“, რომელმაც დაჩრდილა რუსული მედიის ინტერპრეტირებული „ხინკლით სავსე შალანდები“, „ტყემლით სავსე შალანდები“ და სხვა ფორმულირებები.

 

ამ ფორმულირებებს დროდადრო ხბოს აღტაცებით იზიარებდა ქართული მედიის ის ნაწილი, რომლისთვისაც რუსული სახელმწიფო-პროპაგანდისტული მედია „სალ კლდეებში“ გაცვლილი „სხვა ქვეყნის სამოთხე“ და ის დედის ძუძუა, რომელსაც პირიდან არ იშორებს და მისით იკვებება იმის მიუხედავად, რომ მთლად პატარაც არ არის - უკვე კაი გვარიანი მუტრუკია...

 

სააკაშვილის მეგობრებისგან ხშირად მსმენია ერთი ფრაზა, რომელიც შინაურულად ასე ჟღერს: „ტიპი აქ არ არის - ერთი ათი წლით წინაა და იქედან გელაპარაკება“, ამასთან, დროისთვის გასწრების მონაკვეთი ყველა მეგობრისთვის ინდივიდუალურია, თუმცა, არავინ დაობს იმაზე, რომ „ის წინაა“.

 

ალბათ, არც იმაში გაემტყუნებათ მის მეგობრებსა და თანამოაზრეებს, უბრალოდ, მხარდამჭერებს, რომ საქართველოდან იძულებით წასვლის მიზეზებსაც სწორედ ამაში ხედავენ: საქართველოში ბევრს არ უყვარს, როცა ვინმე მომავლიდან ლაპარაკობს...

 

ალბათ, უცხოური მედიისთვის სააკაშვილი ასე პოპულარული მხოლოდ „ვარდების რევოლუციის“ დროს და პრეზიდენტობის პირველ წლებში იყო. მით უფრო, სასაცილოდ და მეტიც, საკუთარი თავის გამხნევებად ჟღერს ყოფილი და მოქმედი პრემიერების უილაჯო მტკიცება - სააკაშვილი წარსულია და დაივიწყეთო: არავის სჯერა, რომ უცხოური მედია, გამოჩენილი პოლიტიკოსები, უკრაინელი ხალხი - ამდენ დროს უთმობენ წარსულს...

 

მანამ, სანამ საქართველოში პოლიტიკური ვნებები დუღს და ისე ჩანს, რომ ამ დუღილში ჭეშმარიტება ორთქლდება, უკრაინული მედია რეფორმებით სავსე შალანდებზე წერს. სააკაშვილი ისევ სამიზნეა, ოღონდ, არამხოლოდ უკრაინის კეთილმოსურნეთა და მედიის სამიზნე...

 

თუმცა, სააკაშვილისთვის ეს მისი ჩვეული ამპლუაა და აქ ის ისე გრძნობს თავს, როგორც თევზი წყალში. 

 

ლაშა ბერულავა

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !