„განდგომილი ოთხეული“: ბრალდებები, შეფასებები და პასუხის მოლოდინი

Image

ბიძინა ივანიშვილის ცნობილი გამოთქმისა არ იყოს, თუ ხეს დაუძახებ „ხმი, ხმი!“ ის აუცილებლად გახმება. ოლიგარქის მიერ ინტერპრეტირებული ეს სიბრძნე სწორედ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ ახდა. 

 

ამ პარტიის ოთხეულის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებამ, რომელიც, გარეგნული გამოვლინებებით თუ ვიმსჯელებთ, პარტიის ვერტიკალისთვის აბსოლუტურად მოულოდნელი აღმოჩნდა, ბევრი შეკითხვა გააჩინა.

 

თუმცა, როგორც ასეთ შემთხვევებში ხდება ხოლმე, შეკითხვები უფრო მეტია, ვიდრე პასუხი და სწორედ ამიტომ, ვარაუდები და ვერსიები უხვადაა. პარტიიდან წასვლის ფორმამ ამ ვერსიების გაჩენას კიდევ უფრო მეტად შეუწყო ხელი. რა მოხდა და რა მიზანი ჰქონდათ წასულებს, 27 მაისს გაირკვევა, მანამდე კი ემოციებისგან თავისუფალი მსჯელობა ვცადოთ და ლოგიკაც არ დავივიწყოთ.

 

საუბარი იმაზე, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ რებრენდინგი გარდაუვალი იყო, რომ მას ცალკეული სახეები გამოეყოფოდნენ და ცალკე პარტიას შექმნიდნენ და „ნაციონალმოძულე“ ამომრჩევლის ხმებზე იმუშავებდნენ, კარგა ხნის წინ დაიწყო.

 

აზრთა სხვადასხვაობა არსებობდა იმაზე, თუ ვინ უნდა ყოფილიყვნენ „გამოყოფილები“ და რა ურთიერთობა უნდა ჰქონოდათ მათ „დარჩენილებთან“. ერთერთ „წამსვლელად“ მაშინ ზურაბ ჯაფარიძეც სახელდებოდა. მეორე, ვინც ასევე სახელდებოდა, გიორგი ვაშაძე იყო.

 

არამც და არამც არ მოიაზრებოდნენ წამსვლელთა შორის გოგა ხაჩიძე და, მით უმეტეს, პავლე კუბლაშვილი. „ოთხეულში“ მათმა აღმოჩენამ ყველა ვერსია არივ-დარია:

 

თუ ახალი სახეების მიერ ახალი პარტიის შექმნაზეა საუბარი, რატომ პავლე კუბლაშვილი და გოგა ხაჩიძე? სწორედ ეს კითხვა აჩენს ვარაუდს, რომ ახალი პარტიის შექმნა დღის წესრიგში, სავარაუდოდ, არ დადგება.

 

მაშინ რა რჩება? რჩება შერწყმა, რომელიმე ჯგუფთან გაერთიანება. ამ კუთხით „ნაციონალური მოძრაობის“ იდეებთან და პოზიციასთან თანხვედრილი პოლიტიკურ ორბიტაზე ახლადგამოჩენილი „ივერიაა“ - ყოფილი დიპლომატების გუნდი, რომელიც ჯერ არაა პოლიტიკურ ორგანიზაციად ჩამოყალიბებული, თუმცა, უკვე გამოთქვა სურვილი, დამოუკიდებელი სუბიექტის სახით მიიღოს მონაწილეობა საპარლამენტო არჩევნებში.

 

რამდენად რეალურია „ოთხეულის“ "გაივერიელება"? რა თქმა უნდა, გამორიცხული არაფერია, მაგრამ ამ კუთხით საყურადღებოა მამუკა გამყრელიძის მოსაზრება, რომელიც ამბობს, რომ მისი აზრით, ზურა არ გადადგამდა ამ ნაბიჯს ისე, რომ გამიზნული და განსაზღვრული პოლიტიკური გეგმები არ ჰქონდეს, ამ გეგმებში კი, ნაკლებად მოსალოდნელია, პოლიტიკურად ჯერაც ფეხაუდგმელი „ივერია“ შედიოდეს.

 

თუმცა, მამუკა გამყრელიძემ ისიც დაამატა - მხოლოდ მოხარული ვიქნებით, თუ ასეთი ინტელექტუალები შემოგვემატებიან, გამორიცხვით ვერაფერს გამოვრიცხავო.

 

პარტიის შიდა კულუარებში ჩახედულები კიდევ ერთ შეუსაბამობაზე მიანიშნებენ: პალიკო კუბლაშვილი ნაცმოძრაობის ძველი წევრია და ცალსახად აღიქმება, უშუალოდ მიხეილ სააკაშვილთან დაახლოებულებში, ზურაბ ჯაფარიძეს უფრო გიგა ბოკერიასთან დაახლოებულ პირად აღიქვამდნენ, გოგა ხაჩიძეს - ვანო მერაბიშვილთან, ხოლო გიორგი მელაძეს - გიგი უგულავასთან. და თუმცა ყველა ეს შიდა დაყოფა მხოლოდ პირობითია, ამ თეორიის მიხედვით, წასულებში ნაცმოს ყველა „გავლენის წერტილი“ წარმოდგენილია.

 

ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ნაბიჯი ვერტიკალის ამ „გავლენის წერტილებთან“ შეთანხმებული იყო? გარეგნული ნიშნებით, ამ შეკითხვასაც უარყოფითად უნდა ვუპასუხოთ, რადგან გიგა ბოკერიამ „ოთხეულის“ ნაბიჯს „ინფანტილური და უპასუხისმგებლო“ უწოდა, თუმცა, სააკაშვილს ჯერ პოზიცია არ გამოუთქვამს, მატროსოვის კედლებიც, ჯერჯერობით, სდუმან და ელიან...

 

სამაგიეროდ, შეფასებებს უკვე აკეთებენ ნაცმოძრაობის ცნობილი წევრები და მხარდამჭერები, ასევე ისინი, ვინც ამ პოლიტიკურ ძალასთან არ ასოცირდება, მაგრამ პოლიტიკური პროცესების განვითარებაში პროგნოზებითა და მათი ახდენით გამორჩეულია. პირველ რიგში, ასეთთა შორის, ალბათ, ელისო კილაძე უნდა ვახსენოთ.

 

მისი ვერსია საკმაოდ სკანდალურია: კილაძე ვარაუდობს, რომ ამ გამოყოფის ინიციატორი პავლე კუბლაშვილია და მიზეზი არა ზეწოლა, არამედ ბევრი ფულია. კილაძე ირწმუნება, რომ პარტიიდან წასვლის სანაცვლოდ კუბლაშვილმა ხელისუფლებისგან საკმაოდ დიდი რაოდენობის თანხა მიიღო. ჟურნალისტის განცხადებით, პავლე კუბლაშვილმა თანხა აიღო ლიტვაში გახსნილი ანგარიშით და ხელისუფლებასა და პავლე კუბლაშვილს შორის შემდგარ გარიგებაში შუამავალი ბიზნესმენი ჯოზეფ ქეი იყო.

 

კილაძის მტკიცებით, ყოფილ მაღალჩინოსნებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის მიმდინარეობს გარიგებები. ის ასახელებს ვაჟა ლილუაშვილსა და ამირან მესხელს, რომლებიც შს ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის მოადგილეები იყვნენ და აცხადებს, რომ პარტია შექმნება სწორედ იმ ოთხეულისგან, რომლებმაც „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვეს. მისივე თქმით, პარტიას უხელმძღვანელებენ კახა ოქრიაშვილი და ცეზარ ჩოჩელი.

 

დანარჩენ დეტალებს კილაძე არ ამხელს და 26 მაისის სკანდალური „არჩევანისთვის“ იტოვებს. ვერსია ვერსიად რომ არ დარჩეს, ალბათ, კილაძემ მტკიცებულებებიც უნდა დადოს, როგორც ამას მანამდე აკეთებდა: სატელეფონო ჩანაწერების, ფოტოების ან ვიდეომასალის სახით.

 

საეჭვოა, ასეთების არსებობის შემთხვევაშიც კი, მათ პრესაში გაეჟონა, თუმცა, ისიც არ უნდა დავივიწყოთ, რომ ელისო კილაძის ქმედებები (მის მიერ მოპოვებულ სკანდალურ მტკიცებულებებს და მათ გასაჯაროებას ვგულისხმობ) არც ისე ხშირად ექვემდებარება ლოგიკას.

 

„ოთხეული“ ჯერ დუმს, მაგრამ დროდადრო დუმილს ზურაბ ჯაფარიძე არღვევს. მაგალითად, ის ჯოზეფ ქეისთან დაკავშირებით გაჩენილ ვერსიას მაშივე გამოეხმაურა „ფეისბუქზე“: „ჯოზეფ ქეი არა, ნუგზარ შევარდნაძე“, - დაწერა მან და სტატუსს ღიმილაკიც მიუხატა. მანამდე კი ზურაბ ჯაფარიძემ ოთხეულის სახელით განაცხადა, რომ მათთვის არ შეცვლილა არც რეალობის აღქმა, არც ფასეულობები და არც ის გადაუფიქრებიათ, რომ ოლიგარქი საქართველოს უნდა მოაშორონ.

 

ეს მკვეთრად გამოხატული პოზიცია მაინც არ აღმოჩნდა საკმარისი იმისთვის, რომ ყოფილ თანაგუნდელებს წასულებთან მიმართებაში მკვეთრი განცხადებები არ გაეკეთებინათ. მხოლოდ რამდენიმე ნაციონალის განცხადება იყო მოზომილი. პარტიის სახეებს სოციალურ ქსელებში მისი მხარდამჭერებიც აჰყვნენ და "ოთხეულისადმი" რადიკალურად და ნეიტრალურად განწყობილებად დაიყვნენ. ჯერ მაინც დაბნეულობა სჭარბობს და ყველა შეფასება ვარაუდის, შინაგანი რწმენის საფუძველზე კეთდება...

 

მოკლედ, წინ საინტერესო „არჩევანი“ და კიდევ უფრო საინტერესო ბრიფინგი გველის. ვნახოთ, რა „ხმა, ხმა“ და რა გამოისხამს ყლორტებს...

 

ლაშა ბერულავა

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !