
ჯგუფი „მიროტვორეცი“ უკრაინულ ინტერნეტსივრცეში წერს, რომ ტყვედ ჩავარდნილი რუსი მებრძოლები მზად არიან, საერთაშორისო სასამართლოს წინაშე წარსდგნენ მოწმედ, თუ მათი უსაფრთხოება იქნება დაცული.
ეს გადაწყვეტილება რუსეთის სპეცნაზის ტყვედ ჩავარდნილმა ორმა მებრძოლმა მას შემდეგ მიიღო, რაც მიხვდნენ, რომ რუსულმა მხარემ მათი სრული იგნორირება მოახდინა.
კონკრეტულად, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ტყვედ ჩავარდნის მომენტში მებრძოლები არ ირიცხებოდნენ რუსეთის არმიის რიგებში და რომ ისინი ყოფილი სამხედრო მოსამსახურეები არიან. ამასთან, უწყებამ ტყვეების გათავისუფლება მოითხოვა.
როგორც ჯგუფ „მიროტვორეცის“ გვერდზე წერენ, მეომრებმა გამომძიებლებს დეტალური ჩვენება მისცეს: „ინფორმაცია მეთაურებზე, პირად შემადგენლობაზე, დისლოკაციის ადგილებზე, შეიარაღებაზე, კავშირგაბმულობის საშუალებებსა და თავისებურებებზე - გამომძიებლები ჩაწერასაც კი ვერ ასწრებენ...“, - წერენ ჯგუფში.
"Ссуки!" - კბილებში გამოსცრა რუსმა კაპიტანმა ე. ეროფეევმა, როცა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადება წაიკითხა“, - აღნიშნულია სტატუსში.
შეგახსენებთ, რომ 1985 წელს დაბადებული, კუიბიშევის მკვიდრი ევგენი ვლადიმირის ძე ეროფეევი, საძახისით „დელფინი“ და 1987 წელს დაბადებული უფროსი მზვერავი, სერჟანტი, იუჟნო-სახალინსკში მცხოვრები ალექსანდრე ალექსანდროვი უკრაინის ანტიტერორისტულმა ძალებმა ტყვედ აიყვანეს. დაჭრილი რუსი მეომრები ჰოსპიტალში გადაიყვანეს და ოპერაცია გაუკეთეს.
ამასთან, ალექსანდროვმა უარი თქვა ოპერაციის დროს ნარკოზის გამოყენებაზე, რადგან მისი თქმით, გაგონილი ჰქონდა, რომ მიხეილ სააკაშვილისა და მისი ცოლის დავალებით უკრაინელი ექიმები როგორც ცოცხალ, ასევე მოკლულ რუს მეომრებს სხეულის სხვადასხვა ორგანოს აჭრიან და ჰყიდიან.