
„აფხაზეთის ხმისთვის" ექსკლუზიურად გახდა ცნობილი დღეს საღამოს თბილისში, № 49 სამარშრუტო ტაქსში მომხდარი ინციდენტის დეტალები, სადაც ორი შეიარაღებული პირი ფიგურირებს.
როგორც თვითმხილველმა, რომელიც ინციდენტის დოს სამარშრუტო ტაქსში იმყოფებოდა, „აფხაზეთის ხმას“ უთხრა, ინციდენტი სალონში დაიწყო, როცა ერთი მგზავრი და ორი, სავარაუდოდ, ნასვამი მამაკაცი, რომლებიც ამავე მიკროავტობუსით მგზავრობდნენ, წაკინკლავდნენ.
ინციდენტის თვითმხილველმა არ ისურვა ვინაობის გამხელა, თუმცა, მომხდარი დეტალურად აღწერა: გაწვე-გამოწევას ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა, რომელიც უკვე გაჩერებული „მარშრუტკიდან“ ჩასვლის შემდეგ, ქუჩაში გაგრძელდა.
მოჩხუბრები მგზავრებმა გააშველეს და ახალგაზრდა მამაკაცი სალონში ამოიყვანეს, ორი ნასვამი მგზავრი კი ქუჩაში დარჩა, თუმცა, დაახლოებით 5-7 წუთში ისინი სამარშრუტო მიკროავტობუსს ტაქსით დაედევნენ და გაჩერება აიძულეს, მანქანიდან კი შეიარაღებულები გადმოვიდნენ.
„ორივეს პისტოლეტი ეჭირა, იგინებოდნენ და სალონში ასვლა მოინდომეს, ამბობდნნენ, რომ „იმ პიჟონს მოძებნიდნენ და ჩაიყვანდნენ, ერთერთი მგზავრებს ბოდიშსაც უხდიდა შეწუხებისთვის და ჰპირდებოდა, სხვებს არაფერს დაგიშავებთო. მგზავრებიდან რამდენიმე ჩავიდა და შაიარაღებულებს დაწყნარება დაუწყო, ვისაც ეძებთ, უკვე ჩავიდაო...
მათაც თითქოს დაიჯერეს, მაგრამ ერთმა შეიარაღებულმა სალონში ამოსვლა მაინც მოახერხა და იმ ბიჭს ეძებდა, მაგრამ საბედნიეროდ, ჩქარობდა, თან მგზავრებიც რეპლიკებს ისროდნენ და ვერ იცნო, უკან გაბრუნდა და ჩავიდა. ის-ის იყო, ყველა ამოვიდა და უნდა დავძრულიყავით, რომ ქუჩაში მყოფმა შეიარაღებულმა მეორე პირმა შენიშნა სალონში მჯდომი მამაკაცი, რომელიც მათ ეჩხუბა, ფანჯარაზე დააბრახუნა და კარისკენ გამოიქცა, მაგრამ მძღოლმა მოასწრო და მანქანა დაძრა, ასე რომ, ამოსვლა ვერ მოახერხა...
ეს საშინელი სტრესი იყო, თავი მძაფრსიუჟეტიანი ფილმის ეპიზოდში მოხვედრილი მეგონა... ყველაზე მაგარი ამ ისტორიაში ის არის, რომ ცოტა ხანში საპატრულო პოლიციის მანქანა წამოგვეწია, გააჩერა „მარშრუტკა“ და დაინტერესდა, რა მოხდა, ხოლო მას შემდეგ, რაც მძღოლმა და მგზავრებმა ეს ისტორია უამბეს, უკან გაბრუნდა“, - უთხრა „აფხაზეთის ხმას“ თვითმხილველმა.
შეგახსენებთ, № 49 სამარშრუტო ტაქსი მუხიანის პირველი მ/რ-დან ვეკუას ქუჩის მიმართულებით მოძრაობს და მის მარშრუტში მუხიანი, ზღვის უბანი, გურამიშვილის გამზირი, დადიანის ქუჩა, აღმაშენებლის გამზირი, ჩუღურეთის ხიდი, თაბუკაშვილისა და ვეკუას ქუჩები შედის.
„აფხაზეთის ხმისთვის“ ამ ეტაპზე უცნობია, რისი გამოკვლევა შეძლო საპატრულო პოლიციამ ან დააკავა თუ არა შეიარაღებული პირები. დამატებით დეტალებს მიღებისთანავე გაცნობებთ.
შენიშვნა: თემატური ნიშნით შერჩეული ფოტო