-
2015-04-25 04:49
ბატალიონი "აზოვი" ეხმიანება ინტერნეტში გავრცელებულ მორიგ ფეიკს, ანუ დადგმულ ვიდეოს, სადაც ნაჩვენებია, როგორ აკრავენ ჯვარზე თითქოსდა "აზოვის" მებრძოლები ტყვეს და შემდეგ როგორ წვავენ მას ცოცხლად.
ვიდეორგოლი დღეს გავრცელდა, ხოლო მისი ტირაჟირება გავრცელებიდან რამდენიმე წუთში "ლაიფნიუსმა" მოახდინა, რაც, ბატალიონ "აზოვის" საპასუხო განცხადების შემდეგ კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ის დადგმულია.
ამას გარდა, ვიდეორგოლი ისეა დადგმული, რომ დეტალები არ გამოჩნდეს: ისმის ჩაქუჩის კაკუმის ხმა, თუმცა, ხელისგულებზე ლურსმნების დაჭედების გადაღება ოპერატორმა "ვერ მოახერხა" და მარცხენა ხელი მხოლოდ პოსტფაქტუმ გადაიღო, როცა იქ უკვე "ჩაჭედებული" სამსჭვალი ჩანს.
ნიშანდობლივია ისიც, რომ ტყვე ჯარისკაცის სახე ვიდეორგოლის არცერთ მონაკვეთში არ ჩანს, ვითომდა "აზოვის" მებრძოლებს კი სახეზე ნიღბები უკეთიათ. ამასთან, ვიდეო ბოლომდე არაა გადაღებული, ანუ, არ ჩანს, როგორ მოედო ცეცხლი თითქოს ჯვარზე გაკრულ ტყვეს - ამის დამონტაჟებას შედარებით მაღალი პროფესიონალიზმი სჭირდებოდა, რათა ის სინამდვილისგან ძნელი გასარჩევი ყოფილიყო.
"ბატალიონ "აზოვს" არაფერი აქვს საერთო სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეორგოლთან, სადაც ასახულია ადამიანის დაწვის სცენა. ვიდეორგოლში უცნობი პირები საუბრობენ ჩვენი სახელით. ჩვენ მეომრები ვართ და არა ჯალათები.
იმ შემთხვევებს, როცა ამ ვიდეოს გავრცელების შემთხვევაში ზემორე ჩვენი განცხადება არ იქნება გამოქვეყნებული, განვიხილავთ, როგორც წინასწარმომზადებულ პროვოკაციას ჩვენ წინააღმდეგ", - ნათქვამია "აზოვის" განცხადებაში.