
სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ სამართალდამცველები ხშირად ხდებიან კრიმინალების სამიზნე, რაც, არცთუ იშვიათად, პოლიციელთა დაღუპვით სრულდება.
პოლიციელთა ნაწილი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, ნაწილი კი თითქოს ყოფით სიტუაციებში, მაგრამ სწორედ იმ ნიშნით იღუპება, რომ ის მოქმედი ან ყოფილი პოლიციელია.
„აფხაზეთის ხმა“ გთავაზობთ ოფიციალურად რეგისტრირებული შემთხვევების ნუსხას, როცა თავდასხმის ობიექტი მოქმედი ან ყოფილი პოლიციელები გახდნენ და რასაც მათი დაღუპვა ან ჯანმრთელობის დაზიანება (დანით ან ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები) მოჰყვა. ინფორმაცია „სამართალდამცველთა დაცვის ლიგამ“ მოგვაწოდა. სტატისტიკა მოიცავს 2012-2015 წლებს.
ამ სიის მიხედვით 2012 წლის ოქტომბრიდან 2015 წლის 6 აპრილის ჩათვლით სულ საქართველოში 6 მოქმედი და ყოფილი პოლიციელი მოკლეს და 16 დაჭრეს ან სხეულის სხვა დაზიანება მიაყენეს.
სახელობითი სია ასე გამოიყურება:
1) 2013/2/10 - ხობის რაიონის სოფელ ხორგაში, მოკლეს სამეგრელო-ზემო სვანეთის სპეცდანიშნულების რაზმის ოფიცერი - დავით დემურია და დაჭრეს ოთხი პოლიციელი.
2) 2014/30/11 -ყვარელში მოკლეს პოლიციის კაპიტანი - გელა ფიცხელაური.
3) 2014/27/12 - ბათუმში მოკლეს, პოლიციის 22 წლოის ოფიცერი - თარაშ მუკბანიანი.
4) 2015/23/01 - ბორჯომის რაიონის დაბა ლიკანში მოკლეს პოლიციის ოფიცერი - გიორგი ბერუაშვილი, დაჭრეს მეორე ოფიცერიც. მკვლელობაში ბრალდებულს დღემდე ეძებენ.
5) 2015/13/03 - მესტიაში მოკლეს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო დეპარტამენტის მე-9 სამმართველოს ყოფილი უფროსი, პოლიციის ოფიცერი - გიორგი რატიანი და მეორე მოქალაქე დაჭრეს.
6) 2015/4/04 - თბილისში მოკლეს გამომძიებელ-ინსპექტორი ბექა მარგიშვილი, დაჭრეს ვალერიან გრძელიშვილი.
პოლიციელთა დაჭრა-დასახიჩრების საზოგადოებისთვის ცნობილი და გახმაურებული შემთხვევები:
1) 2013/12/02 - ზუგდიდში დაჭრეს პოლიციის ოფიცერი.
2) 2013/2/08 - გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს 1 განყოფილებაში შეაგდეს ხელყუმბარა და დაჭრეს პოლიციელი.
3) 2014/18/10 - თბილისში, ყაზბეგის ქუჩაზე დაჭრეს საპატრულო პოლიციის ოფიცერი.
4) 2014/4/12 - ნაძალადევის მეტროს ვესტიბიულში დაჭრეს საპატრულო პოლიციის ოფიცერი.
5) 2014/4/12 - თბილისში, თემქაზე, დაჭრეს საპატრულო პოლიციის ოფიცერი.
6) 2015/9/01 - კასპში დაჭრეს საპატრულო პოლიციის ოფიცერი.
7) 2015/17/02 - გლდანში საპატრულო პოლიციის ოფიცერს წაართვეს იარაღი და დაჭრეს ოფიცრები: ქურდაძე და არახამია.
8) 2015/12/03 - ხონში, პოლიციის სამმართველოს წინ, თვალი დაუზიანეს პოლიციელ ალეკო რუხაძეს.