
"აფხაზეთის ხმის" ინფორმაციით, ხობის რაიონის სოფელ საჯიჯაოში ბიზნესმენ რომან ადამიას ოჯახს შეგნებული ზარალი მიაყენეს: მათ საცხოვრებელი სახლიდან ოდნავ მოშორებით, ბოსელში 8 სული ძროხა დაუწვეს.
შემთხვევა გუშინ, დაახლოებით ღამის 12 საათზე მოხდა, როცა ადამიებთან სახლში მხოლოდ რომან ადამიას მეუღლე და ხანდაზმული დედა იმყოფებოდნენ. იმის გამო, რომ ბოსელი სახლიდან დაახლოებით 500-600 მეტრითაა დაშორებული და ხეები ფარავს, ოჯახის წევრებმა ხანძარი გვიან შენიშნეს, როცა ცეცხლი მთლიანად შენობას მოედო.
როგორც დაზარალებულის ოჯახში "აფხაზეთის ხმას" უთხრეს, ბოსელში მყოფი 10 სული ძროხიდან მხოლოდ ორის გადარჩენა მოახერხეს, დანარჩენები ბოსელში ცოცხლად დაიწვნენ:
"მოსული იყო ხობის პოლიციაც, სახანძროც, მაგრამ ბოსელი და ძროხები ვერ გადავარჩინეთ", - თქვეს დაზარალებულებმა.
რომან ადამიას მეუღლე მიიჩნევს, რომ ბოსელში ხანძრის შემთხვევით, დაუდევრობის შედეგად გაჩენის შესაძლებლობა ნულის ტოლია, რადგან ბოსელში ელგაყვანილობაც კი არაა: "ეს განგებ გაკეთებულია, ამაში ეჭვიც არ გვეპარება, მაგრამ რა თქმა უნდა, ხელს ვერავის დავადებთ, იმედია, გამოძიება დაადგენს ყველაფერს", - ამბობს ის.
რომან ადამია ბიზნესმენია, მას რუსეთის ქალაქ ბრიანსკიდან სამშენებლო მასალები ჩამოაქვს და სამეგრელოს ქალაქებში შესაბამისი პროფილის მაღაზიებს ბითუმად აბარებს. ის ბიზნესსაქმიანობას თავის ძმასთან ერთად ეწევა. ადამიას ორი მანქანა აქვს და როგორც ოჯახში ამბობენ, შესაძლოა, ბოსელი "შურიანმა ადამიანებმა" დაწვეს.
შენიშვნა: ფოტოილუსტრაცია