-
2015-03-18 23:58
ჯერჯერობით ისევ დიდ ვნებათაღელვას იწვევს სამეგრელოში "სააკაშვილის რეჟიმის სისხლიანი ქრონიკის" სანახავად სკოლის მოსწავლეების მობილიზების საკითხი. განათლების სამინისტროში შიდა მოკვლევის შედეგად უკვე დადგენილია ის სკოლები, სადაც ადგილობრივი ხელისუფლებიდან ზარი განხორციელდა და ჯერ დირექტორებს, შემდეგ კი პედაგოგებს მოსწავლეების მობილიზება დაევალათ.
ამასთან, ფოთში, ფილმის ჩვენებაზე მოსწავლეების დასწრება ეჭვს არ იწვევს, რაც შეეხება ზუგდიდს, სადაც ჩვენება ერთი დღით გვიან გაიმართა, ადგილობრივი ხელისუფლება ირწმუნება, რომ დარბაზში ბავშვები არ შეუშვიათ და შესასვლელს აკონტროლებდნენ პირები, რომლებიც იქ მოსწავლეების შეშვებაზე უარს ამბობდნენ.
ამ მტკიცების ფონზე, ფილმის ჩვენების ორგანიზატორებმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ცალკეული მედიასაშუალებები ფაქტების დამახინჯებაში დაადანაშაულეს. იმის დასტურად, რომ მოსწავლეები დარბაზში არ იყვნენ, მათ "ფეისბუქში" დარბაზში კინოჩვენების წინ გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნეს. თუმცა, მათ მიერვე გამოქვეყნებულ ამ ფოტოებზე და ასევე შავ მასალაში,რომელიც ადგილზე ტვ "ოდიშმა" გადაიღო, ბევრი ბავშვია დაფიქსირებული, რაც რატომღაც, გამორჩათ იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებმაც ერთობლივად დაასკვნეს, რომ ზუგდიდის დარბაზში მოსწავლეები არ ყოფილან.
"რა მოხდა სინამდვილეში ზუგდიდში? იყვნენ თუ არა კინოჩვენებაზე სკოლის მოსწავლეები? დიახ, იყვნენ და ამის დამადასტურებელი ფოტოები თავად შეგიძლიათ იხილოთ ამ მასალას თანდართულ ალბომში.
მოდით, თანმიმდევრულად მივყვეთ, რა მოხდა: ბევრი ამტკიცებდა, რომ ზუგდიდში მოსწავლეები არ ყოფილან დარბაზში და მედიამ ფაქტი დაამახინჯა.
რა მოხდა სინამდვილეში?
ძალიან მარტივი რამე მოხდა:
წინადღით ფოთში მიიყვანეს მობილიზებული ბავშვები, ფილმიც აჩვენეს და როგორც პრესაში, ასევე "ფეისბუქში", უკვე იყო ჩოჩქოლი ამტყდარი, ამიტომ ზუგდიდში ვიღაცას ეყო ჭკუა, რომ დარბაზში ბავშვები მასობრივად არ შეეყვანა.
მაგრამ უკვე დაბარებული ჰყავდათ და რაღას იზამდნენ? ბავშვებიც მოვიდნენ. შესაძლოა, დარბაზში კანტიკუნტად იყვნენ, მაგრამ მასწავლებლების დავალებით მივიდნენ, კონკრეტულ სკოლას და კლასს ასახელებენ, ვერ მოიტყუებოდნენ.
მასწავლებლები, თავიანთ მხრივ, ამბობენ, რომ დირექტორებმა დაავალეს.
დირექტორებისთვის ან რესურსცენტრიდან უნდა დაერეკათ, ან გამგეობიდან და საკრებულოდან. დირექტორები ამბობენ, გამგეობამ დაგვირეკაო.
ანუ, მართალია, დარბაზში ბავშვები არ იყვნენ, მაგრამ ხელისუფლების მხრიდან მათი მობილიზება ფილმის ჩვენების მიზნით დამტკიცებულია", - წერენ "ფეისბუქში".
ახლა კი ვნახოთ ალბომი, ანუ ის ფოტოები, რომლებიც თავად ორგანიზატორებმა გამოაქვეყნეს და ის, თუ რა სურათი ჩანს რეალურად ამ ფოტოებზე: