
სამეგრელოს რეგიონში განათლების რესურსცენტრებმა სკოლების დირექტორებს, დირექტორებმა კი პედაგოგებს დაავალეს, უფროსკლასელი მოსწავლეები მასობრივად მიიყვანონ დოკუმენტური ფილმის: „სააკაშვილის რეჟიმის სისხლიანი ქრონიკები“ სანახავად.
ამის შესახებ „აფხაზეთის ხმას“ ზუგდიდიდან და ფოთიდან შეატყობინეს. რამდენიმე პირის მიერ მოწოდებული ინფორმაცია ერთმანეთს ემთხვევა. მსგავსი დავალება მიიღეს ასევე სახელმწიფო დაწესებულებების სამსახურების ხელმძღვანელებმა ზუგდიდში:
„ჩვენგან (ზუგდიდის გამგეობა) დაიბარეს სამსახურის უფროსები და მოსთხოვეს უკლებლივ ყველა თანამშრომელი დაესწროს შაბათს „სისხლიანი 9 წლის“ ჩვენებას კომბინატის დარბაზში, ვინც არ მოვა სამსახურიდან გაუშვითო“, - გვითხრა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომელმა, რომელმაც ვინაობის გამჟღავნება არ ისურვა.
ფილმის ჩვენება უკვე გაიმართა ფოთის თეატრში. ჩვენებას მოსწავლეებიც ესწრებოდნენ. „აფხაზეთის ხმის“ ინფორმაციით, ბევრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, როცა ისინი დარბაზში შეიყვანეს და ცხადი გახდა, რომ ფილმი უნდა ენახათ:
მათი თქმით, პედაგოგებმა ისინი გააფრთხილეს, რომ კულტურის სახლში აუცილებელი ღონისძიება ტარდებოდა და დასწრება სავალდებულო იყო. მოსწავლეები ამბობენ, რომ პედაგოგები ჩვენებაზე დამსწრე მოსწავლეების მკაცრ აღრიცხვას აწარმოებდნენ და ცალკე ინიშნავდნენ მათ გვარებს, ვინც ჩვენებაზე არ მივიდა.
ზუგდიდში ფილმის ჩვენება შაბათსაა დაგეგმილი. სახელმწიფო დაწესებულებების თანამშრომლების გარდა, აქაც საჯარო სკოლების დირექტორები რესურსცენტრიდან გააფრთხილეს და უფროსკლასელების მიყვანა დაავალეს. აღსანიშნავია, რომ იმ არასამთავრობო ორგანიზაციის თავმჯდომარის განცხადება, რომელიც აღნიშნულ ჩვენებას ატარებს, გუშინ მასობრივად გაიზიარეს სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ადგილობრივმა საჯარო მოხელეებმა, მათ შორის, ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარემ მერაბ ქვარაიამ.
ჩვენებას არასამთავრობო ორგანიზაცია „ყველა თაობა საქართველოსთვის“ ატარებს. ორგანიზაციას ყოფილი პოლიტპატიმარი, პროფესორი გია სალუქვაძე ხელმძღვანელობს. სამეგრელოს რეგიონში ამ ორგანიზაციას ჯონი ჯიქია ლიდერობს. ჯონი ჯიქია სამეგრელოს ყოფილი გუბერნატორის ბონდო ჯიქიას ძმისშვილია და წინა ხელისუფლების დროს რაიონის საკრებულოს თავმჯდომარე იყო.მოგვიანებით ის ოპოზიციაში გადავიდა. ჯონი ჯიქია დაპატიმრებული იყო ნარკოტიკული ნივთიერების უკანანოდ შეძნისა და შენახვის ბრალდებით. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ჯიქია საპატიმროდან პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლდა.
„...ფილმის პრემიერა შედგა ბრიუსელში, ევროპარლამენტის საკონფერენციო დარბაზში, მაღალი ინტერესიდან გამომდინარე ჩვენება რამდენჯერმე გაიმართა. სამწუხაროა რომ ფილმში ნაჩვენები კადრები ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის რეალობაა, ეს არის შოკისმომგვრელი კადრები, რომელიც მართალია მძიმეა სანახავად, მაგრამ თითოეულმა ქართველმა უნდა იცოდეს თუ რა ხდებოდა საქართველოში სააკაშვილის რეჟიმის პერიოდში, ჯერ კიდევ სულ ცოტა ხნის წინ.
ფილმის ჩვენებას პოლიტპატიმრები , საზოგადოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები დაესწრებიან. საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით ჩვენებაზე დასწრება იქნება თავისუფალი“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ორგანიზაციამ ზუგდიდში გაავრცელა.
ფილმი „სააკაშვილის რეჟიმის სისხლიანი ქრონიკა“ 16 წუთიანია. მასში 14:30 წუთიდან ე.წ. ციხის კადრებია ნაჩვენები. ზუგდიდელი მოსწავლეების ზოგიერთი მშობელი ამბობს, რომ შვილებს არ დართავენ ნებას, ნახონ ფილმი, რომელიც ძალადობის სცენებს შეიცავს. ამასთან დაკავშირებით ისინი სკოლების ადმინისტრაციასთანაც აპირებენ იგივე პოზიციის გამოხატვას.
„აფხაზეთის ხმის“ ინფორმაციით, პარასკევს, საღამოს საათებში ზუგდიდში ჩავიდა „თავისუფალი თაობის“ ლიდერი ლადო სადღობელაშვილი. ის, მისივე ორგანიზაციის წევრებთან ერთად, ქალაქის ქუჩებში აკრავდა პლაკატებს და განცხადებებს, რომელიც მოქალაქეებს ფილმის ნახვისკენ მოუწოდებს.