
"აფხაზეთის ხმა“ პორტალ „myauto.ge”-ზე დარეგისტრირებულ მომხმარებელს დაუკავშირდა და იმ პირის საკონტაქტო ნომერი მოიპოვა, რომელმაც საქართველოში რუსული „ზილ-131“ შემოიყვანა.
აღსანიშნავია, რომ პორტალზე დაფიქსირებული პირი და მითითებული ნომერი, რომელიც განცხადებას ახლავს, უშუალოდ მანქანების შემომტანის არაა. საიტზე მომხმარებელი 24 თებერვალს, 23:55 წუთზე დარეგისტრირდა, ანუ უკვე მას შემდეგ, რაც მანქანებთან დაკავშირებით ხმაური ატყდა და განმარტება შსს-მაც გააკეთა.
შსს-ს განცხადებით, ავტომანქანები უნდა დაიშალოს და ნაწილებად გაიყიდოს, ასევე აკრძალულია მისი გაყვანა რომელიმე მესამე ქვეყანაში, თუმცა, მანქანების შემომტანი ამბობს, რომ არა ნაწილებს, არამედ მთლიან მანქანებს ჰყიდის და არც სხვა ქვეყანაში გაყვანის პრობლემა არსებობს.
ვინმე შმაგისთან საუბრის შემდეგ, რომელსაც „აფხაზეთის ხმა“ მყიდველის სტატუსით დაუკავშირდა, გაირკვა, რომ მან შემოყვანილი სამი ავტომანქანიდან ერთი უკვე გაყიდა. „შმაგი“ დაინტერესდა, ჟურნალისტს ხომ არ ელაპარაკებოდა, ურაყოფითი პასუხის შემდეგ კი თქვა:
„პრობლემა არ არი, ძმაო, საცა გინდა, იქ ჩამოგიყვან მანქანას, როცა გექნება ფული ჯიბეზე, ჩემი გაფორმებით 8.500 დოლარი ჯდება ეგა...“
შეკითხვაზე, შეიძლება თუ არა ფოტოზე ნანახი მანქანებით გადაადგილება ან მათი გადაფორმება, შმაგიმ განაცხადა, რომ პრობლემა არ არის, ამასთან, უარყო ინფორმაცია, თითქოსდა მანქანებს დასაშლელად და ნაწილებად გასაყიდად ამზადებს:
„არა, რა დასაშლელი, ძმაო, აგერ, ახლა გავატანე ერთ კაცსა, კახეთში წაიყვანა, არანაირი პრობლემა არ არი, მე ხაზზე ვარ და როცა გექნება, დამირეკე, ეს მანქანა რომ გაიყიდოს, ჩამოყვანაზე დალაპარაკება შეიძლება, შენი ხარჯით, საცა გინდა, იქ ჩამოგიყვან...“, - უთხრა კერძო პირმა „აფხაზეთის ხმას“.
მისივე თქმით, მანქანის შეძენის შემდეგ მისი გაყვანა უპრობლემოდ შეიძლება საქართველოს ფარგლებს გარეთ: „გინდა სომხეთში წაიყვან, ძმაო, გინდა ყარაჯალაში...“.
აღსანიშნავია, რომ ფოთში, 9 აპრილის ხეივანში დღეს გამოჩენილი ავტომანქანა, ასევე რუსული ნომრებით და სამხედრო, დახურული ტიპის, ამ პირთან კავშირში არაა. მისი თქმით, მანქანები თბილისშია და ფოთში არ ჩაუტანია.