ევგენი აფრასიძისა და მისი ოჯახის წევრების თავგადასავალი (ვიდეო)

Image

ბოლო დღეებში ისევ წინ წამოიწია ევგენი აფრასიძისა და მისი ოჯახის წევრების წინააღმდეგ 2004 წელს ჩატარებული სპეცოპერაციის თემამ, რომლის დროსაც ევგენი და ომეხ აფრასიძეები დაიღუპნენ, გოჩა და შმაგი აფრასიძეები კი დააკავეს.

 

სანამ სპეცოპერაციის დეტალებზე გავამახვილებთ ყურადღებას, რამდენიმე სიტყვა თავად ევგენი აფრასიძესა და მის ვაჟებზე. ინფორმაცია ევგენი აფრასიძის შესახებ, მეტწილად ეფუძნება მის მონათხრობს, რომელიც 1997 წელს „პრაიმნიუსში“ გამოქვეყნდა და რომლის ავტორი რადიო „აფხაზეთის ხმის“ ამჟამინდელი რედაქტორი და საინფორმაციო სამსახურის უფროსი ლაშა ბერულავა იყო.

 

ის პირადად შეხვდა და ესაუბრა ევგენი აფრასიძეს. საუბარი ეცერში, ევგენი აფრასიძის სახლში შედგა.

 

ვინ იყო ევგენი აფრასიძე

 

ევგენი აფრასიძე ძებნილი 20 წლის ასაკში გახდა. როგორც თავად ჰყვებოდა, მისმა სიძემ (დის ქმარმა), რომლის შესახებაც ჰქონდა ინფორმაცია, რომ ცოლს შეურაცხყოფას აყენებდა, არ გაითვალისწინა ევგენის შენიშვნა და მას „ლაწირაკი“უწოდა, რის შემდეგაც ევგენი აფრასიძე მას ფიზიკურად გაუსწორდა, მისი მხრიდან წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ კი დანით 17 ჭრილობა მიაყენა.

 

ამის შემდეგ ევგენი აფრასიძე ოფიციალურად დევნილი იყო, თუმცა, სისხლის აღების მსურველ სიძის ნათესავებს უფრო ემალებოდა, ვიდრე მილიციას. ევგენი აფრასიძე ჩრდილოეთ ოსეთში გადავიდა, საიდანაც მშობლიურ სოფელს ზოგჯერ აკითხავდა კიდეც. ძებნილობის პერიოდში ევგენი აფრასიძემ სახლის აშენებაც მოასწრო და დაოჯახებაც. სწორედ იმიტომ, რომ ძებნილი იყო, მან სახლის აშენება გორაკზე დაიწყო, რათა გარემოსთვის თვალი ზემოდან ედევნებინა.

 

სამეზობლო და სოფელი ევგენი აფრასიძეს თავიდანვე დაუდგა გვერდით. სწორედ სოფლის მცხოვრებთა თანადგომით შეძლო ევგენი აფრასიძემ, თავი შეენახა. იმდროინდელი შსს-ს მიერ ჩატარებული ყველა ოპერაცია, რომელიც მიზნად ისახავდა ევგენი აფრასიძის აყვანას, უშედეგოდ დასრულდა. საბოლოოდ, ევგენი 1979 წელს, შსს-ში დაგეგმილი საგანგებო „თეატრალური“ ოპერაციით აიყვანეს:

 

სოფელში პარიკითა და ულვაშით შეპარულმა მაშინდელმა მაღალჩინოსანმა აფრასიძესთან ნდობაში შესვლა მოახერხა, მას ცემენტის არალეგალ გამყიდველად გაეცნო და ზუგდიდიდან ცემენტის ამოტანა შესთავაზა, რასაც ევგენი აფრასიძე დათანხმდა და მანქანაში ჩაუჯდა. მანქანაში მყოფმა სხვა, მუშების ფორმაში გადაცმულმა შსს-ს თანამშრომლებმა ევგენი აფრასიძე დააკავეს.

 

ევგენი აფრასიძის შიში, რომ სიძის მკვლელობისთვის დახვრეტას მიუსჯიდნენ, არ გამართლდა. მას მხოლოდ სამი წლით ციხე მიუსაჯეს. სხვათა შორის, შსს-ს იმ მაღალჩინოსანთან, რომელმაც „თეატრალური“ გათამაშებით მისი დაკავება შეძლო, ევგენი აფრასიძე სიცოცხლის ბოლომდე მეგობრობდა, რადგან მან პატიმარ აფრასიძეს დაკავების შემდეგ თბილი ტანსაცმელი და ლეიბი შეუგზავნა.

 

ციხიდან გამოსვლის შემდეგ ცოტა ხანში აფრასიძემ სატვირთო მანქანის მძღოლად დაიწყო მუშაობა. ასე გაგრძელდა 1993 წლამდე. სოხუმის დაცემის შემდეგ მას საკუთარი მანქანით უღელტეხილზე დევნილები გადმოჰყავდა. ხოლო უკან ისევ დევნილებისთვის პროდუქტი მიჰქონდა. ეს იდილია დიდხანს არ გაგრძელებულა. სოხუმიდან სხვა დევნილებთან ერთად აფრასიძის ბიძაშვილებიც გადმოვიდნენ. მათ თავიანთი „ნივის“ გადმოყვანა შეძლეს.

 

მანქანა აფრასიძის ეზოში იდგა, თუმცა ერთ დღეს გაქრა. ევგენი აფრასიძე ქურდების კვალმა სოფელ უშხვანარში სვანების ოჯახში მიიყვანა, სადაც მოპარული „ნივა“ აღმოაჩინა. მაშინ ძმებ უშხვანებსა და აფრასიძეს შორის შეიარაღებული შეტაკება მოხდა და ერთ-ერთი უშხვანი დაიღუპა. ამის შემდეგ აფრასიძე ისევ ძებნილი ხდება.

 

ევგენი აფრასიძეს მთელი 10 წლის განმავლობაში სვანეთში ჩატარებული არც ერთი ანტიკრიმინალური ოპერაცია არ შეხებია. მეტიც, მან და მისმა გარემოცვამ წინასწარ იცოდნენ იმის შესახებ, როდის და რა ძალებით მიდიოდა პოლიცია სვანეთში.

 

გარდა საკუთარი აგენტურული ქსელისა, ამის გაგებას აფრასიძე ტექნიკური მოწყობილობებითაც ახერხებდა. კერძოდ, სახლში დამონტაჟებული სპეციალური აპარატურით იგი პოლიციის რაციებსაც უსმენდა. აფრასიძის სახლამდე შეუმჩნევლად მისვლა შეუძლებელი იყო, რადგან გორაკზე ასვლამდე მთელი სოფელი უნდა გაგევლო და რადგან ადგილობრივ მოსახლეობაში აფრასიძე ავტორიტეტით სარგებლობდა, უცხო პირების გადაადგილების შესახებ მას სწრაფად ატყობინებდნენ.

 

აფრასიძის საკმაოდ დიდი ეზოს ოთხივე მხარეს სპეციალური კოშკურები იდგა, სადაც ოჯახის წევრები და აფრასიძეებთან შეფარებული სხვა ადამიანები 24 საათის განმავლობაში მორიგეობდნენ. აფრასიძეების ოჯახობა კი ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობდა: ქალები ცომს ზელდნენ, სარეცხს რეცხავდნენ და ბავშვებს ზრდიდნენ. ხანდახან კი მეზობლებშიც გადადიოდნენ.

 

თვითონ ევგენი აფრასიძე განსაკუთრებით ფრთხილობდა. დღეში რამდენჯერმე პირადად ჩამოივლიდა საგუშაგოებს, ხოლო ღამით სპეციალური ღამის ხედვის მოწყობილობას ირგებდა, დრაგუნოვის სნაიპერულ შაშხანას აიღებდა და გარემოს ზვერავდა. მეზობლები და ოჯახის წევრები იხსენებენ, რომ ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, ევგენი აფრასიძეს ეს პროცესი დაერღვია, ან თავისი მთავარი პრინციპისთვის ეღალატა:

 

არც ერთი წვეთი ალკოჰოლი. სამაგიეროდ, მამისგან განსხვავებით, ბოჰემურ ცხოვრებაზე უარს არ ამბობდნენ შვილები, განსაკუთრებით გოჩა და ომეხი. მამის შიშით მოსახლეობა ხმას ვერ იღებდა, თუმცა ყველამ კარგად იცოდა, რომ ძმები წმინდა წყლის ყაჩაღები იყვნენ და არაფრით ჰგავდნენ სვან თუთაშხიად წოდებულ მამას.

 

მესტიის მისადგომებამდე საავტომობილო გზას სწორედ შვილები აკონტროლებდნენ ფაქტია, რომ ლახანში, ეცერსა და ბეჩოში მათი ნებართვის გარეშე ვერავინ გაჭაჭანდებოდა. განსაკუთრებული სისასტიკითა და დაუნდობლობით ძმებში ომეხ აფრასიძე გამოირჩეოდა. იგი ნარკოტიკების აქტიური მომხმარებელიც იყო და მუდამ გააჩნდა წყარო, რომელიც მას ჰეროინით ამარაგებდა. ძალიან უყვარდა ოქროს სამკაულები და მათ დემონსტრირებასაც არ ერიდებოდა.

 

ძებნილობის პერიოდში იგი ხშირად ჩნდებოდა ხალხში და ხაზს უსვამდა, რომ არავისი არ ეშინია. ცნობილია, რომ სწორედ ომეხ აფრასიძეს გადასცეს კალაძეებისგან აღებული 200.000 დოლარის ნაწილი, რათა ლევან კალაძის ადგილსამყოფელი გაეგო. არსებობდა ვერსია, რომ ლევან კალაძე სწორედ აფრასიძეებთან ჰყავდათ გადამალული, მაგრამ ეს ინფორმაცია არ დადასტურდა.

 

ძმებისგან განსხვავებულ ცხოვრებას ეწეოდა შმაგი აფრასიძე, რომელსაც ოთხი შვილი ჰყავდა და ოჯახს შრომით არჩენდა.

 

სპეცოპერაცია ეცერში 2004 წლის მარტში ჩატარდა. ის უშუალოდ მიხეილ სააკაშვილის მითითებით განხორციელდა. ადგილზე იმყოფებოდნენ მაშინდელი შს მინისტრი გიორგი ბარამიძე, ასევე ადგილზე იყო მისული ზურაბ ადეიშვილიც.

 

შტურმში სოფელ ეცერში წინასწარ გადმოსხმული დესანტიც მონაწილეობდა. ოფიციალური ვერსიით, აფრასიძეს და მისი გარემოცვის წევრებს რუპორით დანებება შესთავაზეს, თუმცა, აფრასიძეებმა სამართალდამცველებს სასტიკი წინააღმდეგობა გაუწიეს.

 

ოპერაციის შედეგად, ოფიციალური ვერსიით, ევგენი აფრასიძის გვამი ალმოდებულ სახლში დაიწვა, ხოლო ბავშვები და ქალები არ დაზარალებულან. სხვა აყვანილებთან ერთად, დააკავეს რუსეთის მოქალაქე ვლადიმერ მურავიოვი, რომელსაც რუსეთის მილიცია ჯერ კიდევ საბჭოთა ეპოქიდან ეძებდა.

 

სპეცოპერაციის დროს დაიღუპნენ ევგენი და ომეხ აფრასიძეები, გოჩა მძიმედ დაიჭრა, ის და მისი ძმა შმაგი დააკავეს და გაასამართლეს.

 

აფრასიძეების წინააღმდეგ ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ სხვადასხვა ვერსია ვრცელდებოდა. ყველაზე სკანდალური იყო ვერსია, რომლის მიხედვითაც ევგენი აფრასიძე და მისი შვილი ომეხი ხელებაწეული გამოვიდნენ და პოლიციას ჩაბარდნენ, მაგრამ ისინი დახვრიტეს. თუმცა, ეს ვერსია თავად აფრასიძეების ახლობლებმა უარყვეს, რადგან ვინ თუ არა მათ იცოდნენ, რომ ევგენი აფრასიძე პოლიციას არ დანებდებოდა.

 

მეორე ვერსია, რომლის გამოც ადგილობრივ მოსახლეობას დიდხანს არ სჯეროდა, რომ ევგენი აფრასიძე დაიღუპა, იყო ის, რომ თითქოს ევგენი აფრასიძემ ალყის გარღვევა და მიმალვა მოახერხა და ცოცხალია. ამ ვერსიის აბსურდულობაში ადგილობრივები მალევე დარწმუნდნენ.

 

აფრასიძეების ადვოკატები ვარაუდობენ, რომ საქმის გამოძიებისას სწორედ ამ სამი პირის: სააკაშვილის, ადეიშვილისა და ბარამიძის ბრალეულობა გამოიკვეთება. არაა გამორიცხული, გიორგი ბარამიძე დააკავონ კიდეც: პროკურატურა, სავარაუდოდ, პარლამენტს მისი სადეპუტატო უფლებამოსილების შეჩერების მოთხოვნით მიმართავს.

 

2012 წლის ნოემბერში თეა წულუკიანი აფრასიძეების საქმესთან დაკავშირებით ამბობდა:

 

„აფრასიძეების საქმეზე მთავარია, გაირკვეს ის, ჰქონდა თუ არა სიცოცხლისთვის საშიშ გადამეტებას ადგილი. ამის მიხედვით ფასდება ხოლმე, დაირღვა თუ არა სიცოცხლის უფლება. თუ წარმოვიდგენთ, რომ აფრასიძეები საბრძოლველად გამოვიდნენ და მძიმედ შეიარაღებულ შინაგან საქმეთა მინისტრს შეიარაღებულები დაუპირისპირდნენ, მაშინ, რა თქმა უნდა, სიტუაცია სხვაგვარ შეფერილობას იძენს, მაგრამ, თუ დამტკიცდა ის, რაც საყოველთაოდ მუსირებს, რომ ევგენი აფრასიძე (რომელიც, ვეთანხმები პრეზიდენტს, არ იყო ანგელოზი) შვილიშვილთან ერთად ხელებაწეული გამოვიდა და მას დაუშინეს ტყვიების ჯერი და ჩაცხრილეს, ეს დანაშაულის შემცველი ქმედებაა“.

 

"უფრო მეტი ძალა რომ გვყოლოდა, უფრო მეტს გავაგზავნიდი. ჩვენგან იქ გაგზავნილ პოლიციელებს ჰქონდათ კონკრეტული ბრძანება: დააპატიმრეთ, მაგრამ თუ გესროლეს, კუდამოძუებული არ გამობრუნდეთ, საპასუხო ცეცხლი გაუხსენით. იქ გაგზავნილი იყო შსს-სა და უშიშროების სპეცრაზმის მთელი შემადგენლობა და ათასამდე პოლიციელი, ასევე 11 ვერტმფრენი, ყველა, რაც გვყავდა. ეს ასეც უნდა ყოფილიყო, რადგან იქ მყოფი კრიმინალები უნდა დარწმუნებულიყვნენ, რომ მათ წინააღმდეგ იყო დიდი ძალა, თორემ მე რომ იქ 50 პოლიციელი გამეგზავნა, 50 ცხედარს ჩამოვასვენებდით ეცერიდან.

 

ერთერთ ვერტმფრენს, სადაც 11 სპეცრაზმელი იჯდა, იმ სახლიდან (თუ საიდანღაც, რომელიღაც ადგილიდან, რომელსაც თვითონ აკონტროლებდნენ) ესროლეს და იმ მფრინავმა, სხვათა შორის, ჯილდოც მიიღო, რადგან ვერტმფრენის უსაფრთხოდ დასმა მოახერხა. იქ იყო ომი, რადგან სასტიკი წინააღმდეგობა გაუწიეს პოლიციას იმ ადამიანებმა. სამწუხაროდ, ორი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დავაპატიმრეთ", - ასე იხსენებს თავად გიორგი ბარამიძე სპეცოპერაციის დეტალებს და აბსურდულს უწოდებს აფრასიძეების ოჯახის წევრების მტკიცებას იმის თაობაზე, თითქოს ცეცხლმოდებული სახლის წინ იდგა და ხელებს ითბობდა, ხოლო ბავშვის ველოსიპედი, რომელიც ეზოში იდგა, ცეცხლში შეაგდო.

 

 

 

 

afras-saxli.jpg

 

afras-saxli1.jpg

 

 

  

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !