-
2015-01-27 22:48
„აფხაზეთის ხმამ“ ექსკლუზიურად მოიპოვა ბეჭდური ფაილი, რომელიც წარმოადგენს ფარულად ჩაწერილი საუბრის სტენოგრამას. სტენოგრამა ოფიციალურადაა შედგენილი, მას აქვს დავალების ნომერი და ბეჭედი და, როგორც ჩვენთვისაა ცნობილი, თან ერთვოდა ე.წ. „კორტების სპეცოპერაციის“ საქმეს.
მოგვიანებით, „ახალი გამოძიების“ პერიოდში, ეს სტენოგრამა საქმიდან გაქრა, რადგან ამ საუბრიდან მტკიცდება, რომ კორტებთან სპეცოპერაციის დროს დაღუპულები იმ დღეს ვარკეთილში, კონკრეტული პირის ბინის გასაძარცვად მიდიოდნენ, სადაც, „საქმის მიმცემის“ მიხედვით, 30 ათასი დოლარი ინახებოდა.
ამის შესახებ სტენოგრამაში „მ1“ შიფრით მოხსენიებული მამაკაცი, იგივე ედო ჰყვება. მას შეკითხვებს ორი მამაკაცი უსვამს, რომელთაგან ერთი „მ“, მეორე კი „მ2“ შიფრით არიან მოხსენიებული.
„მ1“ ანუ ედო ამჟამად უკრაინაშია და სასჯელს იხდის. ჩვენი ინფორმაციით, მან უკრაინაში ქალს ყელი გამოსჭრა, რის შემდეგაც დააკავეს და გაასამართლეს. საუბრისას „ედო“ თავის შესახებაც ჰყვება, საიდანაც ირკვევა, რომ რამდენჯერმე იყო ნასამართლევი, მათ შორის, ყაჩაღობაზეც.
მისი სიტყვებით, ის საბაგიროსთან უნდა შეხვედროდა ზურა ვაზაგაშვილსა და მის მეგობრებს სწორედ 2 მაისს, საჭესთან უნდა დამჯდარიყო და ვარკეთილში წაეყვანა, სადაც ლილოს ბაზრობაზე დასაქმებული, ეთნიკურად აზერბაიჯანელი ბიზნესმენის ბინა უნდა გაეძარცვათ.
ეს საუბარი ჩაწერილია ისე, რომ „ედომ“ ამის შესახებ არ იცის. ის შედგა „ედოს“ დაკავების შემდეგ (ნარკოტიკებთან დაკავშირებით) და ჩაწერილია კორტების სპეცოპერაციის დასრულებიდან რამდენიმე თვის შემდეგ.
„ედო“ ამბობს, რომ დიღომში მცხოვრები რამდენიმე „ბლატნოი“ მისით კორტების ოპერაციის შემდეგ დაინტერესდა და ისიც შესახვედრად დიღომში მივიდა. ეს და სხვა დეტალები იკითხება ჩანაწერების ასლებში, რომლებსაც გთავაზობთ (წითლად გამოყოფილი მონაკვეთები ჩვენია).
აღსანიშნავია, რომ ჩვენი ინფორმაციით, "ედო" არის სწორედ ის მოწმე, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა ახსენა და განაცხადა, რომ ის უკრაინაშია.






