შესაძლოა, მოქმედი პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა 2015 წელს დაგეგმილ ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებზე კანდიდატად ისევ დარეგისტრირდეს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულებით ლიმიტირებული არ არის ერთი და იგივე პირის მიერ პრეზიდენტობის კანდიდატად ზედიზედ რამდენჯერმე დარეგისტრირება.
ოფიციალური განცხადება ზვიად სიჭინავას ჯერ არ გაუკეთებია, მაგრამ არსებობს ფრაგმენტები მისი ერთერთი, ნაკლებად ცნობილი ინტერვიუდან, სადაც ის ამბობს, რომ არ გამორიცხავს, ხელახლა იყაროს კენჭი ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობაზე ასარჩევად:
„კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მე არ გამოვრიცხავ, დავრეგისტრირდე კანდიდატად 2015 წლის არჩევნებზე და თუ ვინმეს ამის გამო გული დაგწყდებათ, შეგიძლიათ, არ გამიწიოთ ოპონირება“, - ამბობს ზვიად სიჭინავა.
შეგახსენებთ, ზვიად სიჭინავა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი 2009 წლის 1 ოქტომბერს გახდა. ამ დროისთვის ფედერაციას 20 მილიონზე მეტი გარე და, თანამშრომელთათვის ორი წლის განმავლობაში გაუცემელი ხელფასების გამო, სოლიდური შიდა ვალი ერიცხებოდა.
ზვიად სიჭინავამ, რომელიც პრეზიდენტის პოსტზე ბიზნესიდან მოვიდა, მისი ინიციატივით შემუშავებული მენეჯმენტით დაფარა თანამშრომელთა ხელფასები, ჩამოაყალიბა თანამშრომელთა გუნდი და ორ წელიწადში ფედერაციამ ყველა ვალი გაისტუმრა:
„იქნებ თქვენი დამსახურებაა, რომ ფეხბურთის ფედერაცია მიმზიდველი დასაქმების ადგილი გახდა?“, - მიმართავს სიჭინავა ოპონენტებს.
ასევე, იმ ოპონენტთა გასაგონად, რომლებმაც განაცხადეს, რომ ზვიად სიჭინავამ ყველაზე კარგად ფულის დათვლა იცის, ზვიად სიჭინავა ამბობს: „დიახ, მე ძალიან კარგად ვითვლი ფულს და ვახმარ მას საფეხბურთო საზოგადოების განვითარებას. სწორედ ჩემი სახსრებით აშენდა ზუგდიდში თანამედროვე საფეხბურთო ბაზა, რომელიც, სხვათა შორის, ჩემი მოუცლელობის გამო ახლა განადგურების პირასაა მისული. მინდა გკითხოთ, ბატონებო: თქვენ რა გაგიკეთებიათ ამაზე მეტი ქართული ფეხბურთისთვის, გარდა შურის, ღვარძლის და ურთიერდაპირისპირებისა?“.
ზვიად სიჭინავა ასევე, ხაზს უსვამს, რომ ის არასდროს ყოფილა რომელიმე პოლიტიკური პარტიის ან ორგანიზაციის წევრი და რომ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობაზე „ნაციონალური მოძრაობიდან“ არ მოსულა, როგორც ამას მისი ოპონენტები ხშირად იმეორებენ:
„მე არ მოვსულვარ ამ თანამდებობაზე „ნაციონალური მოძრაობიდან“ ან რომელიმე სხვა პარტიიდან, იმ უბრალო მიზეზით, რომ არ ვარ და არც ვყოდილვარ რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრი. დიახ, მე მყავს მეგობრები „ნაციონალური მოძრაობიდან“, ასევე, „ქართული ოცნებიდან“, მაგრამ არასდროს განმისხვავებია და დამიხარისხებია მეგობრები იმის მიხედვით, თუ რომელი პოლიტიკური პარტიის წევრები არიან ისინი“, - ამბობს ზვიად სიჭინავა.