
„აფხაზეთის ხმის“ ინფორმაციით, მელაურის სკოლაში მასწავლებელზე ყაჩაღურ თავდასხმაში ეჭვმიტანილი პირი დაკავებულია. ის 18 წლის ადგილობრივი ახალგაზრდაა. ოფიციალური ინფორმაცია შსს-ს ამ დრომდე არ გაუვრცელებია.
შეგახსენებთ, რომ სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ მელაურის სკოლაში, მე-12 კლასში მიმდინარე გაკვეთილის დროს მომხდარი ინციდენტის შესახებ ინფორმაცია ექსკლუზიურად „აფხაზეთის ხმამ“ გაავრცელა.
ჩვენი წყაროს ცნობით, დაუდგენელი პირი ნიღბით შეიჭრა გაკვეთილზე და მასწავლებელს ოქროს ნივთების წართმევა დაუპირა, რა დროსაც ამ უკანასკნელმა წინააღმდეგობა გაუწია. თვითმხილველის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ამის შემდეგ თავდამსხმელმა პედაგოგს დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და მიიმალა. - ახალგაზრდა ქალბატონს ხელები ჰქონდა დასერილი და იგი ჯერ საავადმყოფოში, შემდეგ კი პოლიციაში დაკითხვაზე გადაიყვანეს.
„აფხაზეთის ხმის“ ინფორმაციით ახალგაზრდა პედაგოგი ქალბატონი, რომელსაც დანით დაზიანება მიაყენეს, რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა დეკრეტული შვებულებიდან.
სკოლაში, გაკვეთილის მიმდინარეობის დროს ნიღბიანი, შეიარაღებული პირის შეჭრის ფაქტი „აფხაზეთის ხმას“ ჯერ განათლების სამინისტროს პრესსამსახურში დაუდასტურეს, მოგვიანებით კი ინციდენტის ფაქტი შსს-მაც დაადასტურა.
ამავე დროს, შსს-მ უარყო მასწავლებლის დაჭრის ფაქტი. უწყების ინფორმაციით, თავდამსხმელმა მასწავლებლის გაძარცვა მართლაც დააპირა, მაგრამ მას ოქროს ბეჭედი ვერ წაართვა, შემდეგ კი ისე გაიქცა, რომ არც ვინმესთვის ფიზიკური შეურაცხყოფა მიუყენებია, არც დაუჭრია.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, საპირისპიროს აცხადებენ „აფხაზეთის ხმასთან“ საუბარში მომხდარი ინციდენტის თვითმხილველები: მათი ინფორმაციით, პედაგოგ გოგონას ხელები ჰქონდა დასერილი და საავადმყოფოში გადაუდებელი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია.
ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა სამტრედიის მუნიციპალიტეტში მსგავსი ფაქტი ხდება: რამდენიმე თვის წინ სოფელ კულაშში ანალოგიური თავდასხმა, ასევე სკოლაში მოხდა, თუმცა, მაშინ ნიღბიანი თავდამსხმელი ისე გაიქცა, რომ პედაგოგი არ დაუზიანებია. როგორც "უსაფრთხო სკოლის" კონცეფციაზე მომუშავე პირები ამბობენ, არც მელაურის, არც კულაშის სკოლებში არ არის მანდატური და დარაჯი, აქედან გამომდინარე, უცნობია, ვინაა პასუხისმგებელი სკოლის მოსწავლეების უსაფრთხოებაზე.