
სამტრედიის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში დღითიდღე იზრდება ადგილობრივ მცხოვრებთა რიცხვი, რომლებსაც ინტოქსიკაციის ერთნაირი ნიშნები აქვთ.
სავარაუდოდ, ინტოქსიკაციის მიზეზი სასმელი წყალია, თუმცა, ამის მიუხედავად, წყლის მიწოდება არ შეწყვეტილა და მოსახლეობა არ გაუფრთხილებიათ, რომ სასმელი წყალი არ გამოიყენონ.
ადგილობრივ გამგეობაში აცხადებენ, რომ მოსახლეობა კარდაკარ სიარულის რეჟიმში გააფრთხილეს, მაგრამ დიდია მათი რიცხვი, ვინც ამ საკითხზე ინფორმირებული არ არის.
გაძლიერებულ რეჟიმზეა გადასული სასწრაფო დახმარების ბრიგადები, თუმცა, ისინი მაინც ვერ ახერხებენ გამოძახებებზე დროულად რეაგირებას. ინტოქსირებულთა ნაწილი ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაჰყავთ, მოსახლეობაში პანიკის ნიშნებია. განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა სოფელ ვაზისუბანში, ინტოქსიკაციის რამდენიმე ფაქტი მოხდა სოფელ ტოლებშიც.
როგორც „აფხაზეთის ხმას“ ადგილობრივმა ფარმაცევტმა უთხრა, ჯერჯერობით არ დადგენილა, ინტოქსიკაციის მიზეზი მართლა სასმელი წყალია, თუ სხვა, ჯერაც გაურკვეველი ფაქტორები არსებობს. რაიონული საავადმყოფო სტაციონარულ პაციენტს ვერ ღებულობს იმის გამო, რომ მათ განსანთავსებლად ადგილები არ ჰყოფნის, ინტოქსირებულთა დიდი ნაწილი სახლის პირობებში მკურნალობს.
გამოძახებაზე გადიან უბნის ექიმებიც, მაგრამ ისინი ბლანკის უქონლობის გამო რეცეპტების გამოწერას ვერ ახერხებენ, რეცეპტის გარეშე კი აფთიაქებში პრეპარატებს ვერ იძლევიან.
ქალაქის მთავარი ინფექციონისტი ჯერ მხოლოდ ვარაუდის დონეზე ამბობს, რომ მასობრივი ინტოქსიკაციის მიზეზე, შესაძლოა, სასმელი წყალი იყოს. სასმელი წყლის ნიმუშის ლაბორატორიული ანალიზის შედეგი ორშაბათს გახდება ცნობილი.