„ჰასანისტები“ თუ „ჯანგველისტები“ - ვის რიგებს შეემატა მოსკოვში დაბრუნებული შაქრო კალაშოვი?

Image

როგორც მოსალოდნელი იყო, შაქრო კალაშოვი მოსკოვს დაუბრუნდა, დაახლოებით ნახევარსაათიანი გასაუბრების შემდეგ კი ჩიტივით თავისუფალი იყო, რადგან აღმოჩნდა, რომ რუს სამართალდამცველებს მის მიმართ ამ ეტაპზე პრეტენზია არა აქვთ.


რასაკვირველია, არავის გახსენებია სისხლის სამართლის კოდექსი, რომელიც რამდენიმე წლის წინ, საქართველოს წამხედურობით რუსეთშიც შეიცვალა და კრიმინალური სამყაროს წევრობა და „კანონიერი ქურდის“ ტიტულის ფლობა იქაც დასჯადი გახდა.

 

როგორც წესი, იმის გასარკვევად, უნდა დაისაჯოს თუ არა ამ მუხლით პირი, სამართალდამცველები ჩართული კამერის წინ დაკავებულ პირს ეკითხებიან: „ხართ თუ არა „კანონიერი ქურდი?“, ხოლო „ქურდს“ ე.წ. ქურდული კანონი უკრძალავს, რომ ტიტულზე, თუნდაც პოლიციელებთან, უარი თქვას. პირიქით, მას ევალება ყველგან, ამაყად გაიმეოროს, რომ „კანონიერი ქურდია“.

 

თუმცა, ამ შეკითხვაზე „ქურდები“ სხვადასხვაგვარად პასუხობენ ხოლმე. მართალია, იშვიათია პირდაპირი უარყოფა, მაგრამ ხშირია ასეთი პასუხები: „მე არაფერი მომიპარავს(ზურაბ დგებუაძე)“; „ვერ გავიგე, რას მეკითხებით“; „პირადი შინაარსის შეკითხვებს არ ვუპასუხებ“; „ადვოკატის გარეშე არ გიპასუხებთ“.

 

უმრავლესობა მაინც ძველი ტრადიციის ერთგული რჩება და ხმამაღლა ამბობს: „დიახ, ქურდი ვარ!“, ერთერთი ქართველი „კანონიერი ქურდის“ პასუხი კი შეკითხვაზე: „როდიდან ხართ ამ ტიტულის მფლობელი?“ ლამის, მოარულ ფრაზად იქცა: დათო ჯანგიძემ ამ შეკითხვას ასე უპასუხა: „მე? ქურდად დავიბადე და მას მერე ქურდი ვარ!“.

 

არსად გახმიანებულა, რა უპასუხა ამ სავალდებულო შეკითხვას შაქრო კალაშოვმა, როცა ესპანეთიდან სანატრელ მოსკოვში დაბრუნდა, თუმცა, წესით, მისთვის ეს შეკითხვა უნდა დაესვათ და დაუსვამდნენ კიდეც.
რუსულ მედიაში გაჟღერებული ინფორმაციის მიხედვით, პირველი, რაც ესპანეთში იმიჯშეცვლილმა (მან ბლანჟე მოუშვა და ამასთან დაკავშირებით გოგა ხაჩიძემ შანსი არ გაუშვა ხელიდან - კიდევ ჩემს ბლანჟეზე იქილიკებთო?) „შაქრო მალადოიმ“ გააკეთა, „დედ ჰასანისა“ და „იაპონჩიკის“ საფლავების მონახულება იყო.

 

ასეთ დროს, როგორც წესი, საყურადღებო ხდება დეტალები. კერძოდ კი ის, თუ ვინ იახლა კრიმინალურ სამყაროში უკვე ნომერ პირველად ქცეულმა „კანონიერმა ქურდმა“. ამით ბევრ რამეს ესმევა ხაზი: ვის ანიჭებს ის უპირატესობას, ვის იყენებს გვერდით და საბოლოოდ, რომელ კლანს უახლოვდება მომავალში.

 

რასაკვირველია, „შაქრო მალადოი“ ე.წ. წვრილფეხობაში არ გაერეოდა: ხომ ცნობილია, რომ „კანონიერი ქურდის“ ტიტული ყველა მის მფლობელს, ასაკისა და დამსახურების მიუხედავად, თანაბარ დონეზე აყენებს, მაგრამ იერარქია, თუნდაც ფარული, აქაც არსებობს.

 

მაშ ასე, ვინ იახლა კალაშოვმა: პიჩუგა (იური პიჩუგინი, 49 წლის „კანონიერი ქურდი“, ვასკრესი (42 წლის ვასილი ქრისტოფოროვი), რაჯიკა (43 წლის რაჟიდინ მიხრალიევი) და მაცი (34 წლის მაცი სენაკელი(გვარამია).

 

ცნობილია, რომ „დედ ჰასანის“ მიმდევრები და თანამოაზრეები მის მკვლელობაში კრიმინალური სამყაროს ჯგუფს ადანაშაულებენ, რომელსაც კარგად ცნობილი მერაბ ჯანგველაძე ხელმძღვანელობს, ამავე დროს, არ ასახელებენ კონკრეტულ გვარ-სახელებს.

ესპანეთის ციხეში რვაწლიანი ყოფნის შემდეგ მოსკოვში დაბრუნებულმა შაქრო კალაშოვთან შეხვედრა ბევრმა კრიმინალურმა ავტორიტეტმა დააპირა, მაგრამ უმრავლესობამ უარი მიიღო. ამბობენ, რომ მათ შორის, ვინც კალაშოვმა გააწბილა, მერაბ ჯანგველაძის ძმა ლევანიც იყო. სწორედ ლევანი ითვლება სოხუმის კლანის „მამოძრავებელ ტვინად“.

 

შაქრო კალაშოვი ჯერაც ფიქრობს და ახარისხებს, ვისთან შეიძლება კავშირის დაჭერა და ვინ უნდა შეიყვანოს შავ სიაში, თუმცა, როგორც ჩანს, „ჯანგველისტების“ იმედი, რომ „მალადოი“ ადრინდელ ნეიტრალიტეტს შეინარჩუნებდა „დედ ჰასანის“ მოწინააღმდეგეთა მიმართ, არ მართლდება. ყველაფერზე ეტყობა, „ჯანგველისტებს“ სიტუაციაზე ფიქრი და გეგმების გადაწყობა მოუწევთ.

 

აქედან გამომდინარე, უკვე შეიძლება ითქვას, რომ შაქროს მოსკოვში ჩასვლიდან ერთი თვის თავზე უკვე ცალსახაა კლანებს შორის დაპირისპირება და უკვე აშკარად გამოკვეთილი კონფლიქტი - მოსკოვში რომ კრიმინალების ერთი ჯგუფი მეორეს სცემს, ცოტა ძნელია, სხვა რამე დაარქვა.

 

თავდაპირველად მოსკოვში, სადარბაზოსთან ყველაზე ახალგაზრდა „კანონიერი ქურდი“ „რევაზ ჯვარსკი“ სცემეს. ოთხი კაცი მას მაშინ დაესხა თავს, როცა ლიფტს ელოდებოდა. „ჯვარსკის“ თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყეს და გონების დაკარგვამდე სცემეს, მანამდე კი ჩააწვეთეს, მოკითხვის გადაცემა შენთვის „ქურდებმა“ გვთხოვესო.

 

ეს გზავნილი კონკრეტულ ნიშანს შეიცავდა - „ჯვარსკი“ ახლახან, ზაფხულში „მოინათლა“ და „ქურდების დიდ ოჯახში“ მისი მიღების ინიციატორი კარგად ცნობილი გიზო ქარდავა იყო. უფრო ნათლად რომ ვთქვათ, „რევაზ ჯვარსკი“ მერაბ ჯანგველაძის კლანში მოიაზრება და მისი ცემა სწორედ ამ კლანის გამოწვევას ნიშნავს, რასაც „ჰასანისტები“, უწინდელისგან განსხვავებით, შაქრო მალადოის ჩამოსვლის შემდეგ, უკვე არ ერიდებიან.

 

სწორედ ამ კონტექსტში უნდა ჩაჯდეს ის გაუგონარი ფაქტიც, რაც რამდენიმე დღის წინ მოხდა, როცა ჯანგველაძის კლანის მიერ „მონათლული“ ე.წ. კანონიერი ქურდი, ჯაბუა ტყეში ძალით წაიყვანეს, სცემეს, პირში იარაღის ლულა ჩაუდეს და „ტიტულზე“ უარი ამ გზით ათქმევინეს. როგორც რუსული კრიმინალის თემაზე ორიენტირებული საიტები წერენ, ეს საქციელი მერაბ მზარელუას შვილმა ჩაიდინა. იმასაც ამბობენ, ჯაბუა ისეა ნაცემი, შესაძლოა, ინვალიდად დარჩესო.

 

როგორც ჩანს, „ჯვარსკის“ ცემა უკვალოდ არ ჩაივლის და ორ კლანს შორის ურთიერთობები გამწვავდება. ამაზე „კანონიერი ქურდების“ გამალებული მისვლა-მოსვლა და შეხვედრებიც მიანიშნებს. „ქურდები“ შეხვედრის ადგილად უკრაინას ირჩევენ და ერთმანეთთან სათათბიროდ სწორედ იქ მიემგზავრებიან. ალბათ, ფიქრობენ, რომ უკრაინელ სამართალდამცველებს ახლა მათთვის არ სცხელათ.

 

როგორც ირკვევა, „კანონიერი ქურდები“ ასე სულ ტყუილად ფიქრობენ. აღსანიშნავია, რომ იმ ქართველებმა, რომლებიც უკრაინელებს სხვადასხვა სახის რეფორმებში ეხმარებიან, პირველ რიგში პოლიციის გაძლიერებული მოქმედება ურჩიეს „კანონიერი ქურდების“ წინააღმდეგ. ამან შედეგი გამოიღო და უკრაინაში პოლიციამ უკვე ორი „სხდოდკა“ ჩაშალა, ხუთი „კანონიერი ქურდი“ კი დააკავა. არ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ ხუთივე ეთნიკური ქართველია.

 

დაკავებულებიდან ორი იძულებით საქართველოში გაამგზავრეს, ერთი ნებაყოფლობით - ავსტრიაში, ორი კი წინასწარი დაკავების საკანში გაამწესეს და იქ კურიოზული სიტუაცია შედგა - ხუთი „სული ქურდი“ ერთ წინასწარი პატიმრობის დაწესებულებაში.

 

ყველასთვის კარგად ცნობილია, რომ როცა რამდენიმე „ქურდი“ ერთად ხვდება, უმეტესწილად, ეს კონფლიქტის გამოწვევის წინაპირობაა. ასეც მოხდა. როგორც ჟარგონულად იტყვიან, „ქურდებმა“ იქ ერთმანეთს დააყარეს. ეს ჩხუბიც სწორედ „რევაზ ჯვარსკის“ ცემას უკავშირდება. ზოგადად, „ქურდების“ თითქმის ყველა კონფლიქტი ერთმანეთთანაა დაკავშირებული და ამაში გასაკვირი არც არაფერია.

 

როგორ იქცევა საქართველოს ხელისუფლება „შაქრო მალადოისა“ თუ სხვა „კანონიერ ქურდებთან“ მიმართებაში? არცთუ ისე ადეკვატურად. უკრაინელი სამსრთალდამცველების მიერ საქართველოში იძულებით გამომგზავრებული „განაბები“ აეროპორტიდან ისევ ქრებიან, ხოლო შაქრო მალადოის გადმოცემასთან დაკავშირებით საქართველოს ოფიციალურ პირებს არც კი უაქტიურიათ.

 

როგორც გაირკვა, ესპანეთში არ გაგზავნილა ფორმალური მოთხოვნაც კი, საქართველოსთვის გადმოეცათ შაქრო კალაშოვი, მაშინ, როცა არსებობდა შეთანხმება ესპანელ და ქართველ სამსრთალდამცველებს შორის, რომ როცა კალაშოვი ესპანეთში მოიხდიდა სასჯელს, ის საქართველოსთვის უნდა გადმოეცათ.

 

ახლა საქართველოს ხელისუფლებას შაქრო კალაშოვისგან გაჩენილი თავის ტკივილისთვის არ სცხელა, მოსკოველი სამართალდამცველები კი, „დიდი მაყუთის“ ფასად, მას ალბათ, ხელს არ ახლებენ. სწორედ ამიტომ, „შაქრო მალადოის“ შეუძლია, თავისუფლად იგრძნოს თავი და კლანური გარჩევებით დაკავდეს, თუმცა, არც იმის დავიწყება ღირს, რომ „ჯანგველისტებთან“ დაპირისპირება ბევრ „ავტორიტეტს“ სიცოცხლის ფასად დაუჯდა.

 

ოთო ალანია, სპეციალურად "აფხაზეთის ხმისთვის"

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !