ერაყის ქალაქ მოსულში, რომელიც გუშინ ტერორისტებმა დაიკავეს, დაჯგუფება Islamic State of Iraq and Levent (ISIL) წევრები თავს დაესხნენ თურქეთის საკონსულოს, რის შედეგადაც მათ მძევლად აიყვანეს კონსული და საკონსულოში მომუშავე დიპლომატები.
ამასთან დაკავშირებით, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აჰმეთ დავუთოღლუმ განაცხადა, რომ ანკარა მკაცრად უპასუხებს თავისი მოქალაქეების მძევლად აყვანის ფაქტს, თუკი რომელიმე მათგანს ზიანი მიადგება. დავუთოღლუს ინფორმაციით, ამ დროისთვის ერაყში თურქეთის 80 მოქალაქეა მძევლად აყვანილი. სამშაბათს ტერორისტებმა 31 მძღოლი აიყვანეს, გუშინ კი - თურქეთის საკონსულოს 49 თანამშრომელი.
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, სამშაბათს მათ საკონსულოს თანამშრომლებს ევაკუაციის შესახებ უბრძანეს, მაგრამ აქტიური საბრძოლო მოქმედებების გამო, ევაკუაციის განხორციელება უსაფრთხო არ იყო და მათ ადგილზე დარჩენა უბრძანეს. "უმთავრესია, ჩვენი დიპლომატები სამშობლოში უვნებლად დაბრუნდნენ. ჩვენ კოლეგებთან მუდმივ კავშირში ვიმყოფებით. ნურავინ შეეცდება თურქეთის სიმტკიცის გამოცდას", – განაცხადა მინისტრმა.