
როგორც პროექტის „ცეკვავენ ვარსკვლავები“ მონაწილე, ჯულიანა ბარ-გნარი აცხადებს, გიორგი ყიფშიძის პროფესიონალიზმით მოხიბლულია, რაც შეეხება მიშა მესხს, ის ძალიან ტკბილი და გულწრფელი ადამიანია.
„მესამე ტურში მსახიობ გიორგი ყიფშიძესთან პირველივე შეხვედრიდან მივხვდი, რომ თავისი საქმის პროფესიონალი იყო, მოგების ჟინი ჰქონდა და იმ ეტაპზე ცეკვა იყო მისი მთავარი მიზანი. მასთან მუშაობა არ გამჭირვებია, საინტერესო პიროვნებაა, ბევრი იდეით დატვირთული.
მაგალითად, თუ გაიგებდა, „ჩაჩაჩას“ ტური იყო, მთელი ღამე „იუთუბიში“ ამ ცეკვას უყურებდა. გიორგის რომ ვეცეკვებოდი, არ მქონდა განცდა, რომ დამწყები იყო. გასაკვირია, რომ მას არასდროს უცეკვია.
რაც შეეხება მსახიობ მიშა მესხს, ის ძალიან ტკბილი ადამიანია, მაგრამ მუშაობის დროს კონცენტრაცია აკლდა, ბოლომდე იხარჯებოდა და როცა რაღაც არ გამოსდიოდა, საკუთარ თავზე ბავშვივით ბრაზდებოდა. ვიცი, რატომაც უყვარს მიშა ხალხს – ის გულწრფელია. მას კარგი პლასტიკა და გარეგნობა აქვს“, - განაცხადა ჯულიანა ბარ-გნარმა.
„სარკე“