
მომღერალ ეკა კვალიაშვილის შვილი ნუკა კვალიაშვილი დედის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე დაწვრილებით საუბრობს.
„ეკას პირველ რიგში კუჭის ოპერაცია სჭირდება, რომელიც კეთდება თურქეთში. დიაგნოზი არის კუჭ-ნაწლავის დაწევა, კუჭის ასეთი მდგომარეობა იწვევს სპაზმს დიაფრაგმასა და ბრონქებზე და ამ დროს ადამიანი იხრჩობა...
ესეც მომდინარეობს გაფანტული სკლეროზიდან, რომელიც ძალიან ბევრ სხვა დაავადებას იწვევს. კიდევ კარგი, რომ ზურგის ტვინზე არ აქვს გადასული, რასაც ადამიანის პარალიზების გამოწვევა შეუძლია. დედა კუჭის სპაზმებს კრუნჩხვებამდე მიჰყავს.
ამდენი „დექსამეტაზონის“ მიღებაც არ შეიძლება. ოპერაცია სასწრაფოდ უნდა გაკეთდეს. ფეხები დამძიმებული აქვს. ჰორმონების მიღებისგან წონაშიც მოიმატა. ადამიანს ელემენტარულად სჭირდება ჰაერი, სუნთქვა, ეკას კი ეს პრობლემა აქვს სწორედ, კუჭის დაავადების გამო.
ასევე უვარდება შაქარი, რადგან კუჭქვეშა ჯირკვალიც ჩათრეულია. ყველაფერს ვერ აგიხსნით, რთულია...
მას მერე, რაც „ფეისბუქზე“ პოსტი დავდე, რომ მობილური კავშირების კომპანიები ქველმოქმედებით ფულს შოულობენ, ეკას ანგარიშზე 80 ათასი შემოსული ზარიდან 27 ათასი დაირიცხა მარტო. თითო ზარი ერთი ლარი ღირდა, დანარჩენი დაბეგრეს...
„სილქნეტმა“, რომელმაც გადაცემაში თქვა, რომ ხუთი ათას ლარს გადმორიცხავდა, გადმორიცხა ათას ხუთასი ლარი. უბრალოდ, სამარცხვინოა.
მწერდნენ, დედაშენი რას წუწუნებს, თუ 1400-ლარიან ტელეფონებს ყიდულობო... იმათ გავეცი საკადრისი პასუხი. რა გამოდის, საჭმლის ფულიც უნდა გავცე? მეც ხომ მჭირდება რაღაც, პატარა შვილი მყავს ბოლოს და ბოლოს...
დედაჩემი არასოდეს წუწუნებს და არც არასოდეს არავისთვის არაფერი უთხოვია. არავისთვის მოუხვევია თავზე თავისი ავადმყოფობა...
ეკას ახლა ეს პრობლემა უფრო აშფოთებს, რომ ქველმოქმედება იბეგრება და რომ გაჭირვებული ადამიანების ხარჯზე კონკრეტული კომპანიები იღებენ მოგებას…. ეკა ირაკლი ღარიბაშვილთანაც აპირებს შეხვედრას...
ერთხელ და სამუდამოდ ხომ უნდა გაირკვეს, არის ეკა ამ ქვეყნის მოქალაქე თუ - არა. და თუ არა, მიმიფურთხებია ყველაფრისთვის, უარს იტყვის ამ ქვეყნის მოქალაქეობაზე“, - აცხადებს ნუკა კვალიაშვილი.
„რეიტინგი“