
გავრცელებული ინფორმაციით, „კაზანტიპის“ ფესტივალი საქართველოში, კერძოდ ანაკლიაში აგვისტოში ჩატარდება. უკრაინელი ქალებისა და „დაცემამდე“ „თუხთუხის“ მოყვარულები ამ 10-დღიანი „მარათონისთვის“ საგულდაგულოდ ემზადებიან. როგორც ირკვევა, განსაკუთრებული სამზადისია ანაკლიაში, რომლის მოსახლეობაც სტუმრების საკადრისად დასახვედრად სახლებსა თუ კაფეებს გულმოდგინედ არემონტებს.
ადგილობრივი ახალგაზრდები კი აქედანვე თადარიგს იჭერენ და „კაზანტიპის“ ფესტივალის ბილეთების შესაძენად თანხას აგროვებენ.
„ამბობენ, ფესტივალზე შესვლა 200 დოლარიდან 250 ევრომდე ეღირება, მაგრამ რადგან საქართველოში ამ ტიპისა და დონის ფესტივალი პირველად ტარდება, უნდა გაიმეტო ეს თანხა და წახვიდე, თუნდაც იმიტომ, რომ იმ ათი დღის განმავლობაში მიღებული სიამოვნება მთელი ცხოვრება გაგყვეს. ადგილობრივები სხვადასხვანაირად ვაკეთებთ დანაზოგს...
ზოგი მუშაობს და ანგარიშიდან მთლიანი ხელფასი არ გამოაქვს...ზოგმა მსხმოიარე თხილი წინასწარ გაყიდა, რომ ფესტივალს დაესწროს. უკრაინელი ლამაზმანების, და არა მხოლოდ მათ მოლოდინში, მეც ასე მოვიქეცი და არც დამნანებია. ..
ფესტივალისთვის ადგილობრივები თადარიგს იჭერენ: ცდილობენ სახლი უფრო კომფორტულად მოაწყონ, სანიტარული კვანძები მოაწესრიგონ. სასმელი წყლის პრობლემაც მოგვარდა. თავისი კაფეები და საკვები ობიექტები აქვთ, სადაც სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს...
სასტუმრო „ანაკლიაში“, ერთი ნომრის ფასი 110 ლარიდან იწყებოდა, მაგრამ ზღვის სეზონზე, როგორც წესი, უფრო ძვირდება. არ ფუნქციონირებს სასტურმო „ოქროს საწმისი“, რომლის სახურავის სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. ასე რომ, ანაკლიას, ორწლიანი პაუზის შემდეგ, სიცოცხლის ხალისი დაუბრუნდა, რაც განმუხურზეც აისახა, რადგან როგორც ამბობენ, ტურისტების ნაკადი იქაც გადანაწილდება“, - ამბობს 24 წლის ნიკა,ანაკლიიდან.
http://www.bpn.ge/biznesi/4702-kazantipis-analogs-shetsiruli-thkhilis-mosavali.html?lang=ka-GE