-
2019-11-11 17:36
„კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს სუფრაზე“ - ეს ფრაზა ჯონ ბონ ჯოვის რესტორნის დევიზი გახდა.
ჯონ ბონ ჯოვი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი როკერია მუსიკის ინდუსტრიაში, რომელიც ცოცხალ ლეგენდად არის მიჩნეული. მიუხედავად მუსიკის სფეროში მისი მაღალი ცნობადობისა, ცოტამ თუ იცის მომღერლის სხვა მხარე.
„soul kitchen” - ეს არის ჯონ ბონ ჯოვს ფონდის მიერ დაფინანსებული არაკომერციული ორგანიზაცია, სადაც კერძებს კონკრეტული ფასები არ გააჩნია. შესაბამისად, ანგარიში შეგიძლია გადაიხადო სურვილისამებრ. რა თქმა უნდა ეს ეხება მათ, ვისაც აქვს ამის საშუალება. თანხა კი დაახლოებით 20$-ის ფარგლებში მერყეობს. მათ ვისაც არ შეუძლია ასეთი რაოდენობის თანხის გადახდა საშუალება აქვთ სადილი გამოიმუშავონ სამზარეულოში დახმარების ხარჯზე.
პირველი ობიექტი მომღერალმა მის მშობლიურ ნიუ-ჯერსიში რედ ბენკის რაიონში 2011 წელს გახსნა. რაც შეეხება მეორე რესტორანს, ის 2016 წელს გაიხსნა რაიონში, რომელიც ქარიშხალი „სენდის“ დროს ძალიან დაზიანდა.
მეორე რესტორნის გახსნისას ჯონმა აღნიშნა, რომ მათი მისია სამყაროს უეთესობისკენ შეცვლაა, რათა ყველამ დაიწყოს ისეთ პრობლემებთან ბრძოლა როგორიცაა შიმშილი და უსახლკარობა.
„ჩვენს მენიუში არ არის ფასები. შესაბამისად, თუ ადამიანს არ აქვს ფული მას შეუძლია სადილი გამოიმუშავოს. მაგალითად გაშალოს სუფრა, გარეცხოს ჭურჭელი, იმუშაოს ბაღში და ა.შ. „ - განაცხადა მომღერალმა
აღსანიშნავია, რომ „soul kitchen”-ში არ არსებობს ჯავშანი. სტუმრები რიგის მიხედვით, ერთ დიდ საერთო მაგიდასთან სხედან და გვერდიგვერდ მიირთმევენ კერძებს. ამ გზით ადამიანის სოციალური სტატუსი ნაკლებად მნიშვნელოვანი ხდება და ფინანსური პრობლემები მათ კომუნიკაციაში არ უშლით ხელს.
იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი მშიერია და მას სასწრაფოდ სჭირდება ცხელი კერძი, მას აქვს პრივილეგია სხვებზე ადრე დაჯდეს მაგიდასთან.
მენიუ სამი კერძისგან შედგება, რომელიც ყოველ 10 დღეში იცვლება. პირველი არის სალათა ან წვნიანი, შემდეგ მოდის ხორცის ან თევზის კერძი (ასევე ყოველთვის ხელმისაწვდომია ვეგეტარიანული საკვები) და ბოლოს სეზონური დესერტი. კერძები მზადდება ორგანული პროდუქტებით, რომლებსაც საკუთარი ბაღიდან და ფერმიდან იღებენ.


