-
2014-10-24 13:09
25 წლის რუსმა სამხედრო მოსამსახურემ დონის როსტოვში ორ პოლიციელს გაუხსნა ცეცხლი პისტოლეტიდან. მათგან ერთი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი ჰოსპიტალიზებულია. პოლიციელები ტრანსვესტიტმა გამოიძახა, რომელსაც სამხედრო მანამდე მოკვლით ემუქრებოდა.
როგორც ადგილობრივი გამოცემა წერს, ინციდენტი მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსმა სამხედრომ აღმოაჩინა, რომ მის მიერ სექსუალური მომსახურების მიზნით აყვანილი ქალი ტრანსვესტიტი აღმოჩნდა. როგორც ირკვევა, ტრანსვესტიტი უკრაინაში, ლუგანსკში მცხოვრები მამაკაცია, რომელმაც, ქალის ფორმაში გადაცმულმა, გადაწყვიტა, დევნილის სტატუსის მიღებამდე ლუკმაპური პროსტიტუციით ეშოვა.
როსტოვის ცენტრში მდებარე, ტრანსვესტიტის მიერ დაქირავებულ ბინაში მისვლის შემდეგ, როცა ჯარისკაცმა აღმოაჩინა, რომ მის წინაშე არა ქალი, არამედ მამაკაცია, მას მუქარა დაუწყო, პისტოლეტი ამოიღო და მოკვლით ემუქრებოდა, თუმცა, ტრანსვესტიტმა დრო იხელთა და მუქარის შესახებ პოლიციას აცნობა. შემთხვევის ადგილზე მისულ ორ პოლიციელს ჯარისკაცმა ცეცხლი გაუხსნა და მიიმალა.
მისი ვინაობა ამ დროისთვის უკვე დადგენილია და გამოცხადდა ძებნა. გაირკვა, რომ ჯარისკაცი დეზერტირია - ის სამხედრო ნაწილიდანაა გაქცეული.