
ISIS-ის (ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფო) მეორე ამერიკელ ჟურნალისტს სტივენ სოტლოფს მოჰკვეთეს თავი. მასთან ერთად სიკვდილით კიდევ ექვსი მძევალი დასაჯეს. სოტლოფი Time-ს ჟურნალისტი იყო.
იმის მიუხედავად, რომ თეთრ სახლს არ დაუდასტურებია ამერიკელი ჟურნალისტის მკვლელობის ამსახველი ვიდეოს ნამდვილობა, სოტლოფის ოჯახმა განაცხადა, რომ კადრებზე ნამდვილად სტივენია აღბეჭდილი. ოჯახის ოფიციალურმა წარმომადგენელმა დაამატა, რომ დამატებითი კომენტარები ოჯახის წევრების მხრიდან არ გაკეთდება.
გავრცელებული ვიდეოს ბოლოს მოჯაჰედები უახლოეს დღეებში უკვე დიდი ბრიტანეთის მოქალაქის სიკვდილით დასჯით იმუქრებიან იმ შემთხვევაში, თუ აშშ არ შეწყვეტს ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლას.
ამერიკელმა ჟურნალისტმა სტივენ სოტლოფმა თავის მოკვეთის წინ აშშ-ის პრეზიდენტს მიმართა და ის გააკრიტიკა.
შეგახსენებთ, გასულ კვირას "ისლამური სახელმწიფოს" მოჯაჰედებმა კიდევ ერთი ამერიკელი ჟურნალისტი ჯეიმს ფოული ანალოგიური მეთოდით გამოასალმეს სიცოცხლეს და ვიდეო გაავრცელეს.