
დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის დევიდ კემერონის განცხადებით, უკრაინის კრიზისში სტატუს-ქვო ვერ შენარჩუნდება და თუ რუსეთი საჭირო ზომებს არ მიიღებს, ეკონომიკური სანქციები გარდაუვალი იქნება.
"უნიანის" ინფორმაციით, ამის შესახებ კემერონმა ბრიუსელში "დიდი შვიდეულის" სამიტის დასასრულს განაცხადა. "სამიტზე ჩვენ სამი მიმართულებით დავაფიქსირეთ მტკიცე პოზიცია.
პირველი: მიუღებელია სტატუს-ქვო. აღმოსავლეთ უკრაინაში დესტაბილიზაცია უნდა დასრულდეს. მეორე: პრეზიდენტმა პუტინმა უნდა აღიაროს პეტრე პოროშენკოს არჩევნების კანონიერება, უნდა შეწყვიტოს იარაღის მიწოდება და შეწყვიტოს სეპარატისტული დაჯგუფებების მხარდაჭერა.
მესამე: თუ ეს ყველაფერი არ განხორციელდება, სექტორული სანქციები გარდაუვალი იქნება. კემერონის თქმით, ამ ყველაფერზე ის პუტინს შეხვედრაზე დაელაპარაკება.