
აღნიშნულის თაობაზე საქართველოს ექსპრეზიდენტმა ტელეკომპანია „ინტერის“ პროგრამაში „პოდრობნოსტი ნედელი“ ლოს-ანჟელესიდან პირდაპირი ჩართვის დროს განაცხადა.
„რასაც პუტინი გვეუბნება, რომ ჩვენ ყველა სლავები და მართლმადიდებლები ვართ, სიცრუეა. საქართველო მართლმადიდებლობას მეოთხე საუკუნიდან აღიარებს. რუსეთის არმია ქართულ ეკლესიებს ძარცვავდა და ანგრევდა. პუტინი ისეთივე მართლმადიდებელია, როგორც მე თეთრი დათვი... უნდა გავაცნობიეროთ, რომ იგი ჩვენი საერთო მტერია“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
მანვე უკრაინის ხელისუფლებას მოუწოდა თანამდებობებზე ახალგაზრდა კადრები დანიშნოს.
„გაუშვით ძველი აპარატი და თანამდებობები ახალგაზრდებს მიანდეთ. ახლა თქვენ 25-30 წლის ხალხი გჭირდებათ. სხვაგვარად უკრაინას მომვალი არ ექნება... კორუფცია და ბიუროკრატია უნდა მოსპოთ. სხვა ალტერნატივა არ გაქვთ, უკრაინა ნორმალურ ევროპულ სახელმწიფოდ უნდა გადაიქცეს. ევრაზიული კავშირი უბადრუკი გაერთიანებაა. როგორც კი უკრაინა სახელმწიფოებრივ ფუნდამენტს ააშენებს, რუსეთი თქვენგან ვეღარაფერს მიიღებს”, - აღნიშნა სააკაშვილმა.