
გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორის, ჯეიმს ქომის თქმით, რუსეთი, თავისი განზრახვისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით, დედამიწაზე ნებისმიერ სხვა ქვეყანას შორის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს აშშ-სთვის.
ეს განცხადება მან რესპუბლიკელი სენატორის, ლინდსი გრემის საპასუხოდ გააკეთა, რომელმაც გამოძიების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელს რუსეთთან დაკავშირებით შეკითხვები დაუსვა.
"სამართლიანი იქნება თუ არა ვამტკიცოთ, რომ რუსეთის ხელისუფლება კიბერდანაშაულს მფარველობს?", - დაინტერესდა სენატორი, რაზეც ბიუროს დირექტორმა უყოყმანოდ უპასუხა: "დიახ".
"სამართლიანია თუ არა, ვამტკიცოთ, რომ ჩვენ უნდა აღვკვეთოთ მათი ეს ქმედებები?", - ასეთი იყო სენატორის შემდეგი შეკითხვა, რაზეც ბიუროს დირექტორმა უპასუხა: "დიახ, ეს სამართლიანი იქნება", ხოლო შეკითხვაზე,
რამდენად დიდია საშიშროება რუსეთის მხრიდან, ქომმა ასეთი პასუხი გასცა:
"რასაკვირველია, ეს საშიშროება, ჩემი აზრით, ყველაზე დიდია მსოფლიოს სხვა ქვეყნებს შორის, თუ რუსეთის შესაძლებლობებსა და განზრახვებს გავითვალისწინებთ".
ქომმა კომენტარი აშშ-ის კონგრესის სხდომაზე გააკეთა, სადაც მან მიმდინარე გამოძიება განიხილა, რომელიც 2016 წლის აშშ-ის არჩევნებში რუსეთის გავლენას გულისხმობს. მისივე თქმით, რუსეთი ამერიკის პოლიტიკაში ამ დრომდე ერევა, თუმცა, მას მტკიცებულება არ აქვს, რომ რუსეთის გავლენით აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები შეიცვალა.
"ერთ-ერთი ყველაზე დიდი გაკვეთილი, რაც ვისწავლეთ, არის ის, რომ რუსეთი ამას ისევ გააკეთებს. ჰაკერებთან დაკავშირებით რუსეთი ჩვენთან არცთუ ხალისით თანამშრომლობს იმ პირობებში, რომ დამნაშავეები სწორედ მათ ქვეყანაში იმყოფებიან, მაგრამ მათ ყველას მოგზაურობა უყვართ და ჩვენც სწორედ ამ დროს ვადგებით თავზე და ვადებთ ხელბორკილებს",- აღნიშნა გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორმა.
მისივე თქმით, რუსეთმა თავისი გავლენა, შესაძლოა, მომავალ არჩევნებზეც გამოიყენოს.