
რამდენიმე საათის წინ ოთხი მძლავრი აფეთქება მოხდა თურქეთის ქალაქ ადანაში, რომელიც ქვეყნის სამხრეთით მდებარეობს. "ტვიტერისა" და სხვა სოციალური ქსელების მომხმარებლები წერენ, რომ ტერაქტების სერია გრძელდება, თუმცა ოფიციალური დადასტურება, რომ აფეთქება ტერაქტს უკავშირდება, ჯერ არ გავრცელებულა.
სოცქსელებში გამოქვეყნებულ, თვითმხილველთა ინფორმაციაზე დაყრდნობით რამდენიმე წამყვანმა მედიასაშუალებამ უკვე გაავრცელა ინფორმაცია, რომ სავარაუდოდ, აფეთქდა დანაღმული სატვირთო მანქანები და არის დიდძალი მსხვერპლი.
შეგახსენებთ, ბოლო ტერაქტი თურქეთის დედაქალაქ ანკარაში, გასულ კვირას მოხდა. მაშინ ქალაქის ცენტრში დანაღმული ავტობუსი აფეთქდა. რამდენიმე საათის წინ, მორიგი ტერაქტების შესახებ ინფორმაციის გავრცელებამდე, გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ ანკარაში კიდევ ერთი დანაღმული მანქანა გააუვნებელყვეს. თურქეთში მომხდარ ტერაქტებზე პასუხისმგებლობა ქურთულმა ტერორისტულმა ორგანიზაციამ აიღო.