ბოლო მონაცემებით (CNN), 10 ადამიანი დაიღუპა და 7 დაიჭრა მას შემდეგ, რაც ორეგონის შტატის ქალაქ როუზბურგის კოლეჯის კამპუსში უცნობმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა.
თვითმხილველთა თქმით, დილის თერთმეტის ნახევარზე უცნობი ახალგაზრდა კამპუსში შევიდა და ერთერთ აუდიტორიაში სროლა დაიწყო, შემდეგ კი იგივე გაიმეორა სხვა შენობაშიც. მოკლულები და დაჭრილები ორივე ადგილას არიან. სროლის ხმების გაგონებისთანავე მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა დატოვეს დაწესებულება, ნაწილმა კი აუდიტორიებში ბარიკადები ააგო და მას შეაფარა თავი.
თავდამსხმელი იდენტიფიცირებულია. ის 26 წლის კრის ჰარპერ მერსერია. მერსერი პოლიციასთან შეტაკების დროს მოკვდა - მან სამართალდამცავებსაც გაუხსნა ცეცხლი, რის შემდეგაც მისი ლიკვიდაცია მოახდინეს. გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელს სამი პისტოლეტი და ერთი შაშხანა ჰქონდა თან.
ამ დროისთვის სამართალდამცველები ცდილობენ დაადგინონ, თავდამსხმელი უმისამართოდ ისროდა, თუ მან წინასწარ შეარჩია მსხვერპლთა კატეგორია. ჰარპერის შესახებ და თავდასხმის მოტივებზე ჯერ არაფერია ცნობილი.
ორეგონში მომხდარ ტრაგედიას თეთრ სახლში გამოსვლისას გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა. აღსანიშნავია, რომ ამერიკის უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში ეს ბოლო ორი თვის განმავლობაში მომხდარი მეოთხე მსგავსი ტრაგედიაა:
„აშშ ერთადერთი განვითარებული ქვეყანაა დედამიწაზე, სადაც მასობრივი მკვლელობა რამდენიმე თვეში ერთხელ ხდება. თავდამსხმელი, სავარაუდოდ, ფსიქიკურად გაუწონასწორებელი იყო, მაგრამ როგორც არ უნდა იყოს, დაუშვებელია, რომ პირს, რომელსაც უნდა სხვა ტკივილი მიაყენოს, ასე ადვილად მიუწვდებოდეს ხელი ცეცხლსასროლ იარაღზე. სანამ მსგავსი ტრაგედიები ჩვენს თვალწინ ხდება, მე გავაგრძელებ მოწოდებას იარაღის გაცემაზე კონტროლის გამკაცრებისკენ", - განაცხადა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ.