-
2015-09-28 23:58
ამერიკელი ჟურნალისტები წერენ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ გამოსვლის დროს, გაეროს ტრიბუნიდან, კონფრონტაციული ტონი აირჩია.
ასე მაგალითად, CNN წერს, რომ "ობამამ განაცვიფრა პუტინი გაეროს გენანსამბლეაზე გამოსვლის ტექსტით". გამოცემა წერს, რომ ობამას სამიზნე გახდნენ პუტინი და სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი, როცა აშშ-ის ლიდერმა განაცხადა, რომ მათი ქმედება საერთაშორისო ნორმებს არღვევს და აბრუნებს მათ ქვეყნებს წარსულ დროში.
სხვა ამერიკული გამოცემა ABC ასე ასათაურებს მასალას, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის გამოსვლას მიუძღვნა: "თავის გამოსვლაში ობამა რუსეთს, ჩინეთსა და სირიას უპირისპირდება". "ობამამ გამოსვლა იმ ძლიერი სახელმწიფოების ხსენებით დაიწყო, რომლებიც ცდილობენ, თავიანთი ნება უფრო მცირე ქვეყნებს თავს მოახვიონ, ხოლო შემდეგ სირიის პრეზიდენტ ალ-ასადის მიმართ რუსეთის პრეზიდენტის მხარდაჭერაზე ისაუბრა", - წერს გამოცემა.
Vox-ის ჟურნალისტები მიიჩნევენ, რომ ობამას გამოსვლა დაიწყო მინიშნებებით პუტინზე. "ობამამ, როგორც ყოველთვის, გაეროს როლის შეფასებით დაიწყო და კომპლიმენტები არ დაიშურა, შემდეგ კი სწრაფად გადავიდა სიტყვის მომდევნო ორ პუნქტზე, რომლებიც სწორედ პუტინზე მიანიშნებდნენ", - აღნიშნულია სტატიაში.
გაზეთმა The Hill სათაურშივე ინტრიგა ჩადო: "ობამამ გაეროს გენანსამბლეაზე გამოსვლა პუტინზე ზეწოლისთვის გამოიყენა".