-
2015-09-10 10:24
ბულგარეთმა ოფიციალურად ჩაკეტა საჰაერო სივრცე იმ რუსული თვითმფრინავებისთვის, რომლებსაც რუსეთიდან სირიაში ჰუმანიტარული ტვირთი გადააქვთ. მიზეზად ის სახელდება, რომ თვითმფრინავის ბორტზე არსებული ტვირთის იდენტიფიცირება შეუძლებელია.
თავდაცვის მინისტრმა ნიკოლოზ ნენჩევმა განაცხადა, რომ არაა გამორიცხული, რუსეთს სირიაში იარაღი გადაჰქონდეს. ამასთან, ნენჩევმა მუქარის შემცველი განცხადებაც გააკეთა და აღნიშნა, რომ ასეთი თვითმფრინავების მიმართ უკიდურესი ზომა მათი ჩამოგდება იქნება:
"მე მაცნობეს, რომ ჩვენმა საგარეო საქმეთა სამინისტრომ ეს გადაწყვეტილება მიიღო დეტალური ანალიზის საფუძველზე. საგარეო საქმეთა მინისტრს ჰქონდა კონსულტაცია პრემიერთან და პრეზიდენტთან. არის ეჭვი, რომ ამ რეისებით სირიაში იარაღი გადააქვთ", - აღნიშნა ბულგარეთის თავდაცვის მინისტრმა.
რუსეთმა ბულგარეთისგან საჰაერო სივრცის ჩაკეტვის ოფიციალური ახსნა მოითხოვა, ხოლო სირიაში რუსული თვითმფრინავები, სავარაუდოდ, ირანის საჰაერო სივრცის გავლით იფრენენ.