
ოდესაში ღამით კიდევ ერთი აფეთქება მოხდა. ამჯერად უცნობმა პირებმა კაფე "ლიბერტინი" ააფეთქეს. 2 ივლისის შემდეგ ეს მეორე შემთხვევაა, როცა ოდესაში აფეთქება ხდება. ამასთან, თუ ადრე ვოლონტერებისა და პოლიტიკური პარტიების ოფისებს აფეთქებდნენ, ახლა ტერორისტებმა ბარები და რესტორნები აირჩიეს სამიზნედ.
"ლიბერტინში" აფეთქების დროს დაცვის წარმომადგენელმა სხეულის დაზიანებები მიიღო. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. როგორც გაირკვა, ამოქმედდა ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომელიც კარის ქვეშ იყო დამონტაჟებული.
ოდესაში კიდევ ერთი დანაშაული ორი დღის წინ მოხდა, რაზეც მიხეილ სააკაშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერდა და იქვე დებდა პირობას, რომ დამნაშავე გამოვლინდებოდა, ხოლო პოლიციელები, ვინც შემთხვევაზე თვალი დახუჭეს, პასუხისგებაში მიეცემოდნენ: "ძველი მეთოდები ოდესის ოლქის ახალ ხელმძღვანელობასთან არ გავა! ეს შემთხვევა აუცილებლად იქნება გამოძიებული და დამნაშავეები, მათ შორის, პოლიციელები, კანონის მთელი სიმკაცრით აგებენ პასუხს", - დაწერა მიხეილ სააკაშვილმა მას შემდეგ, რაც ღამით, ქუჩაში, პოლიციელების თვალწინ, ოდესის კინოფესტივალის დირექტორს უნომრო მანქანა დაეჯახა და მიიმალა.
მანქანა უკვე გადაყვანილია საჯარიმო სადგომზე, მძღოლი დაკავებულია, მიმდინარეობს გამოძიება.