
ლეხ და იაროსლავ კაჩინსკების პარტია "პრავო ი სპრავედლივოსტის" (PiS) წარმომადგენელი ანჯეი დუდა პოლონეთის პრეზიდენტი ხდება. მან მეორე ტურში მოქმედი პრეზიდენტი ბრონისლავ კომოროვსკი დაამარცხა. კომოროვსკიმ კონკურენტს უკვე მიულოცა გამარჯვება.
იმის მიუხედავად, რომ ჯერჯერობით მხოლოდ ეგზიტპოლის შედეგებია ცნობილია, ბრონისლავ კომოროვსკიმ, რომელმაც ცენტრალური ტელევიზიით მიმართა მოსახლეობას, დუდას გამარჯვება მიულოცა, მომხრეებს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ პატივს სცემს ხალხის არჩევანს.
ეგზიტპოლების მიხედვით, ანჯეი დუდამ ხმების 53%, ხოლო კომოროვსკიმ 47% მიიღეს. შეგახსენებთ, არჩევნების პირველ ტურში ვერცერთმა კანდიდატმა 50%-ზე მეტი ვერ მოაგროვა, რის გამოც მეორე ტურის ჩატარება გახდა საჭირო.
პროფესიით იურისტი, ევროპარლამენტის წევრი, 43 წლის ანჯეი დუდა პოლონეთის სეიმის წევრი იყო, ასევე მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის ადმინისტრაციასა და იუსტიციის სამინისტროში.
შემოდგომაზე პოლონეთში სეიმის არჩევნები ტარდება. მთავრობას გამარჯვებული პოლიტიკური ძალა დააკომპლექტებს.