
დონეცკის ოლქის სოფელ შიროკინოში, ბატალიონ „აზოვის“ პოზიციებს უკრაინელი პრორუსი სეპარატისტები და რუსი სამხედრო მოსამსახურეები ოთხ საათზე მეტია, უტევენ. ჯერჯერობით დაუდასტურებელი ცნობით, შეტაკებისას „აზოვის“ ქართველი მებრძოლი დაიღუპა.
ბოევიკებმა შეტევის დროს ყუმბარმტყორცნები და 120 მმ-იანი ნაღმმტყორცნები, ასევე მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევები გამოიყენეს.
ბოევიკების მხრიდან არიან დაღუპულები, „აზოვის“ შემადგენლობაში მსხვერპლის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ გავრცელებულა, თუმცა უკრაინაში მყოფმა ქართველებმა „აფხაზეთის ხმას“ დაუდასტურეს, რომ ქართველი მებრძოლი გარდაიცვალა.
დასახელდა მისი მეტსახელი და ვინაობაც, თუმცა, გასაგები მიზეზების გამო, „აფხაზეთის ხმა“ ჯერჯერობით თავს იკავებს მისი გამოქვეყნებისგან მანამ, სანამ ბატალიონ „აზოვის“ პრესცენტრი ოფიციალურად არ გაავრცელებს ინფორმაციას დაღუპულთა შესახებ.
რუსულმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ეუთოს მისია „აზოვის“ მებრძოლთა ცეცხლის ქვეშ აღმოჩნდა და დასახლება დატოვა, თუმცა, თავად მისიის წარმომადგენლებმა ოფიციალურად უარყვეს გავრცელებული ინფორმაცია.
პრესცენტრის ცნობით, დღის განმავლობაში ბოევიკებმა 32-ჯერ დაარტყეს უკრაინელი მებრძოლების პოზიციებს. დაბომბვა 152 და 122 მმ-იანი კალიბრის საარტილერიო დანადგარებიდან მიმდინარეობდა.