-
2015-02-28 08:48
ცნობილ რუს ოპოზიციონერს ბორის ნემცოვს, რომელიც ორი კვირის წინ ამბობდა, რომ შესაძლოა, პუტინმა მოკლას, ხოლო მკვლელობამდე სამი საათით ადრე 1 მარტის საპროტესტო მარშს აანონსებდა, მოსკოვის ცენტრში, კრემლთან ახლოს, ექვსჯერ ესროლეს ზურგში და ოთხი ტყვია მოახვედრეს.
პოლიტიკოსი ადგილზევე გარდაიცვალა. სათვალთვალო კამერებმა გადაიღეს სავარაუდო მკვლელების მანქანები, მკვლელობას ჰყავს მოწმეც - 21 წლის უკრაინელი მოდელი გოგონა, რომელთან ერთადაც ბორის ნემცოვი იმყოფებოდა მოსკოვის დროით დაახლოებით 23:30 საათზე, როცა მკვლელობა მოხდა.
მკვლელობის შემდეგ მოსკოვის პოლიციის ყველა დანაყოფში ცხელ კვალზე დევნის მიზნით საგანგებო ოპერაციის რეჟიმი გამოცხადდა.
ნემცოვის მკვლელობას მძაფრი გამოხმაურება მოჰყვა, მათ შორის, პოლიტიკოსებისა და ცნობილი საზოგადო მოღვაწეების მხრიდან.
ცნობილია ნემცოვის ოჯახის ადვოკატის პოზიცია, რომელმაც განაცხადა, რომ მკვლელობა პოლიტიკური მოტივით იყო გამოწვეული: „ბორისი კომერციულ, ბიზნესსაქმიანობას არ ეწეოდა, არც პირადი მტრები ჰყავდა და ცხადია, საქმე გვაქვს პოლიტიკურ მკვლელობასთან“, - აღნიშნავს ადვოკატი.
ვლ. პუტინმა განაცხადა, რომ „ნემცოვის მკვლელობა შეკვეთილს ჰგავს და პროვოკაციაა“, ხოლო აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამა, რომელიც ნემცოვის მკვლელობას საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა, შეშფოთება გამოთქვა და მოუწოდა რუსეთის ხელისუფლებას, საგამოძიებო ორგანოებს, უსწრაფესად გამოიძიონ მკვლელობის საქმე.
რუსი პოლიტიკოსების ნაწილი ბორის ნემცოვისა და ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობის მსგავსებაზე ალაპარაკდა და პარალელი გაავლო ვლ. პუტინის მაშინდელ და ახლანდელ შეფასებებს შორის, აღნიშნა რა, რომ როგორც მკვლელობის ხელწერა, ასევე პუტინის ოფიციალური პოზიცია ორივე შემთხვევაში თითქმის იდენტური იყო: ვლადიმირ პუტინი ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობის შემდეგაც აცხადებდა, რომ ამ პოლიტკოვსკაიას მკვლელობა პროვოკაცია იყო.
მოსკოვში, ბორის ნემცოვის მკვლელობის ადგილზე მოქალაქეები და საზოგადო მოღვაწეები სპონტანურად შეიკრიბნენ. ადგილი, სადაც ნემცოვის ცხედარი ეგდო, ყვავილებითაა დაფარული, ანთებენ სანთლებს. რამდენიმე მედიასაშუალებამ პირდაპირი რეპორტაჟის ორგანიზება მოახდინა.
აღსანიშნავია, რომ ოპოზიციამ გადადო 1 მარტისთვის დაანონსებული საპროტესტო მარში და გააკეთა განცხადება, რომ სამგლოვიარო მსვლელობა გაიმართება.
მოკლული 55 წლის იყო. ბორის ნემცოვი 1959 წელს, სოჭში დაიბადა. ის „სოლიდარნოსტის“ ერთერთი დამფუძნებელი და პოლიტიკური პარტიის „პარნასის“ თანათავმჯდომარე იყო.