საქართველოს მესამე პრეზიდენტი, უკრაინის პრეზიდენტთან არსებული საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი ახალ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ პირველივე ბრიფინგზე უკრაინაში რეფორმების სწრაფი ტემპის აუცილებლობაზე საუბრობს.
მიხეილ სააკაშვილმა უკრაინელი ჟურნალისტების სეკითხვებსაც უპასუხა, მათ შორის, საქართველოში მის პოლიტიკურ დევნასთან დაკავშირებითაც: "მსოფლიოში მხოლოდ ორ პროკურატურას აქვს პარალელური და ერთნაირი პრეტენზიები ჩემს მიმართ: საქართველოსა და რუსეთის პროკურატურებს. მაგრამ ამას არ უნდა შევხედოთ სერიოზულად, რადგან ეს ყველაფერი "გაზპრომის" უმსხვილესი კერძო აქციონერის ნება-სურვილით ხდება, რომელიც, ფორმალურად, ქვეყნის ხელისუფლების სათავეში რჩება იმის მიუხედავად, რომ აღარაა პრემიერმინისტრი", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ბრიფინგზე.
უკრაინაში აუცილებელ რეფორმებზე საუბრისას მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ არანაირი პოპულიზმი არაა საჭირო: "ჩინოვნიკი, რომელიც იპარავს, ან უნდა გაუშვა, ან უნდა დაიჭირო. წერტილი". მანვე პირადი მაგალითი მოიყვანა იმ სფეროზე, რომელიც რეფორმას საჭიროებს და მასზე გაცემული მოწმობა ამოიღო ჯიბიდან, რომელიც ჟურნალისტებს უჩვენა:
"აი, მე მომცეს ეს "ქსივა", რომელიც არ შეესაბამება მასზე დაწერილ "საერთაშორისო რეფორმების საბჭოს" - ეს უნდა გაიცემოდეს ელექტრონული სისტემით, ეს ძალიან ადვილია. ელექტრონული სისტემის დროს რთულია მოპარვა. მე დამავიწყდა კიდეც, როგორ გამოიყურება მსგავსი "ქსივები", მართალი გითხრათ. ასე რომ, სანამ იქნება "ქსივები", მანამდე ჩინოვნიკები მოიპარავენ", - განაცხადა სააკაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილმა კახა ბენდუქიძის მიერ საქართველოში გატარებული რეფორმები გაიხსენა, მას "უნიკალური შესაძლებლობების ადამიანი" და "შეუცვლელი" უწოდა და განაცხადა, რომ როცა რეფორმების აუცილებლობას ასაბუთებს, ის ხშირად იყენებს იმ მეთოდების აღწერას, რომლებსაც კახა ბენდუქიძე მიმართავდა.